ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ სატრანსფერო პერიოდში განხორციელებული ტრანსფერები შეაფასა და "მილანის" გარემარბ რაფაელ ლეაოზე ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ირონიული კომენტარი გააკეთა.
"ხვიჩა კვარაცხელიაში პსჟ-მ 75 მილიონი გადაიხადა, დაახლოებით ამდენივე გადაიხადა მანჩესტერ სიტიმ მარმუშის სანაცვლოდ. რაფაელ ლეოს ყიდვით არავინ ინტერესდება და მასში ფულის გადახდა არავის სურს. სად არიან მსოფლიოს საუკეთესო კლუბები: რეალი, ბარსელონა, ბაიერნი, როცა მუდირიკის სანაცვლოდ 100 მილიონი გადაიხადეს?" - განაცხადა კასანომ.
კასანოსა და ლეაოს შორის სოციალურ ქსელში პოსტების მეშვეობით არაერთხელ ყოფილა დაპირისპირება. ვეტერანი იტალიელის აზრით, ლეაო მაღალი დონის ფეხბურთელი არ არის და ამიტომაც, მისით წამყვანი ევროპული კლუბები არ ინტერესდებიან.
რაფაელ ლეაო "მილანის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სერია A-ს გათამაშებაში 18 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 4 გატანილ გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემაა.
ხვიჩა კვარაცხელიამ "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით, ხელფასის სახით სეზონში ბონუსებით 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ქართველის დებიუტი სავარაუდოდ, 25 იანვარს, "რეიმსის" წინააღმდეგ მატჩში შედგება.