რაგბი

21:19 | 19.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"შავი ლომის" მარცხი ჩელენჯ თასზე "ედინბურგთან"

‘შავმა ლომმა’ შოტლანდიაში ‘ედინბურგთან’ გამართული მატჩის მეორე ტაიმი ფრედ დაასრულა (12:12), თუმცა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე, საბოლოოდ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 36:15.

ეს იყო ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, მეოთხე თამაში, რომელშიც მაღალ ტემპში მოთამაშე ‘ედინბურგი’ შეტევაში დიდ უპირატესობას ფლობდა. შოტლანდიელებმა, რომლებიც სოლიდური გუნდით დაგვიხვდნენ, 151-ჯერ შეუტიეს და ჯამში ბურთით ხელში 499 მეტრი გაიარეს, მაშინ, როდესაც 75 შეტევით ‘შავმა ლომმა’ 167 მეტრი მოიგო.

მასპინძლები უფრო დიდხანს აკონტროლებდნენ ბურთს (55%/45%) და დიდი დრო გაატარეს ჩვენს ნახევარზე (62%/38%), რაც პირველ 50 წუთში 5 გატანილ ლელოში ასახეს. ‘შავმა ლომმა’, რომელიც მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, დასკვნით მეოთხედში შეძლო ორი საპასუხო ლელოს გატანა, თუმცა ეს თამაშის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მასპინძელთა დომინაციით

ბურთი თამაშში ‘ედინბურგმა’ შეიყვანა და ჩვენი 22-იდან ფეხით გამოსვლა წნეხის ქვეშ მოგვიწია, რასაც მასპინძლების სწრაფი ხელდახელ შეტევა მოყვა, დარსი გრემმა ხაზი სუფთად გაჭრა და ოვალი უეს გუსენს გაატანა, მან თავის მხრივ გადაცემა სემ სკინერს არ დაუგვიანა და შოტლანდიელები მე-2 წუთზე გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ, ბენ ჰილმა კი გარდასახა. რადგან მომდევნო ეპიზოდებში ჩვენმა დაცვამ კარგად იმუშავა, ჰილმა მე-10 წუთზე აღარ გარისკა და 42 მეტრიდან გატანილი ჯარიმით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.

ნელ-ნელა თამაშში ‘შავი ლომიც’ შევიდა და მე-16 წუთზე იერ შუმენი სინბინით დაისაჯა, რასაც მეტოქის 22-ში კიდევ ორი ჯარიმა მოყვა და ლუკა მატკავამ ტაიმის შუაში საპასუხო ჯარიმა გაიტანა. ‘ედინბურგი’ იქვე გააქტიურდა, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ ბურთი ხაზზე გაიტანა და გუსენმა ბოჭვის მიუხედავად თავისი გუნდის მეორე ლელო მიითვალა. 29-ე წუთზე მათ დერეფნიდან უკვე კარგი მოლი ააგორეს და ამჯერად ლელო ლუკ ქროსბიმ დაამიწა. ჰილმა ორივე გარდასახა - 24:3.

შესვენებამდე 5 წუთით ადრე კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ რიცხობრივი უპირატესობა - მაგნუს ბრედბურმა ბაჩუკი ჭუმბაძეზე უხეში ბოჭვა (მხრით თავში) შეასრულა და ქართველმა მოედანი თავის ტრავმის (ტვინის შერყევის ტესტის შემდეგ მეორე ტაიმში დაბრუნდა), ხოლო ბრედბურმა წითელი ბარათის გამო დატოვა. მიუხედავად ამისა, ‘ედინბურგმა’ ტაიმის ბოლოს ძალიან მაღალ ტემპში შემოგვიტია, თავი ზედიზედ სამი ჯარიმის ხარჯზე დავიცავით და რეფერიმ შეცვლაზე შესული გიორგი ჩხარტიშვილი გაასინბინა, თუმცა უკვე გაწითლებულ დროზე დაცვაში შესანიშნავად გაისარჯა ლუკა ივანიშვილი და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

თანაბარი ტაიმი

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად მასპინძლების შეტევებით დაიწყო. ფორვარდების მოკლე დარტყმების შემდეგ ბურთი სწრაფად გავიდა ხაზზე და მეთ ქურიმ ბონუსის მომტანი ლელო გაიტანა, ხოლო 50-ე წუთზე კავჭი პედი ჰერისონი დარჩა ფრთაზე და ამირან შვანგირაძის ბოჭვის მიუხედავად ბურთი მარცხენა ალამთან დაამიწა. ჰილმა ერთი გარდასახვა გამოიყენა.

თამაში მასპინძლების შეტევებით გაგრძელდა და ხშირი ჯარიმების გამო ამჯერად ყვითელი ბარათი თორნიკე კახოიძემ მიიღო, მაგრამ თავი დავიცავით. 61-ე წუთზე ჰილმა ივანიშვილზე შეასრულა უხეში ბოჭვა და მანაც ყვითელი ბარათი მიიღო, რასაც რამდენიმე წუთში ‘შავი ლომის’ პირველი ლელო მოყვა. დერეფანში ბურთი ლადო ჩაჩანიძემ მოიგო, მოლს წინსვლა არ ქონდა, სიტუაციაში ყველაზე კარგად ირაკლი ქვათაძე გაერკვა, ხაზი მოულოდნელად გაჭრა და მისი გამჩერებელი აღარავინ იყო. მატკავა გარდასახვიდან ზუსტი იყო.

დასკვნით 10 წუთში ხელით ჯერ ჩვენი 22-იდან შევუტიეთ, მაგრამ მეტოქის ნახევარზე წინპასი შეგვემთხვა. საპასუხო შეტევისას უკვე ‘ედინბურგი’ შეცდა ცენტრში, კონტრშეტევისას დავით ხუროშვილმა მარცხენა ფრთაზე ფეხით გადაკიდა ბურთი, მას შალვა აფციაური დაეუფლა და ბოჭვის მიუხედავად ბურთი ალამთან დაამიწა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და თანაბარი მეორე ტაიმის შემდეგ, ‘ედინბურგმა’ საბოლოოდ 21 ქულის სხვაობით მოიგო - 36:15.

ამით ‘შავმა ლომმა’ მისთვის მეორე, 2024/25 წლების ჩელენჯ თასი დაასრულა და პირველი სეზონის მსგავსად, ოთხი თამაშიდან ერთი გამარჯვება მოიპოვა (ფრანგულ ‘ვანთან’).

2024/25 წლების ჩელენჯ თასი

III ჯგუფი. მეოთხე რაუნდი

19 იანვარი. კვირა.

ედინბურგი. Hive Stadium.

ედინბურგი (შოტლანდია) - შავი ლომი (საქართველო) 36:15 (24:3)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გურამ ღანიაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. დემურ ეფრემიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. ამირან შვანგირაძე, 23. ალექსანდრე თოდუა.

2 ლელო: ქვათაძე, აფციაური

1 გარდასახვა: მატკავა

1 ჯარიმა: მატკავა

2 სინბინი: ჩხარტიშვილი, კახოიძე

RUGBY.GE

0.113142