ფრანგული ლიგა 1-ის მე-18 ტურის მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ „ლანსს“ ეწვია და 1:2 დაამარცხა.
პარიზელთა ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არ ყოფილა და ეს ბუნებრივიცაა, ის ხომ ოფიციალურად წინა დღეს წარადგინეს გუნდში. ქართველის დებიუტი პარიზულ კლუბში სვარაუდოდ საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში შედგება 26 იანვარს, „პარკ დე პრენსზე“.
მატჩი კი გამორჩეული არაფრით ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ბრედლი ბარკოლას ულამაზეს გოლს. მან ჯერ ფაბიან რუისს გაატანინა, შემდეგ კი თავად შეაგდო ულამაზესი გოლი, შორეულ ცხრიანში. ანგარიში კი მასპინძელთა ანგოლელმა მბალა ნზოლამ გახსნა.
ბარკოლა მატჩის გმირი გახდა. აქ შეიძლება ხვიჩას ფაქტორმაც ითამაშა როლი. ბარკოლა ხომ კვარაცხელიას უშუალო კონკურენტია შეტევის მარცხენა ფრთაზე და ბოლო დროს საგოლე ქმედებებით არ გამორჩეულა.
პსჟ-მა 18 მატჩის შემდეგ 46 ქული დააგროვა და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს, უშუალო კონკურენტ „მარსელს“ 10 ქულით უსწრებს, თუმცა მარსელელებმა ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს.
22 იანვარს კი პარიზელებს ურთულესი მატჩი ელით ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან.“
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია