ფეხბურთი

23:53 | 18.01.2025 | ნანახია 815 - ჯერ

ლუის ენრიკე: "კვარას შეძენა დიდი ხანია გვინდოდა, შესანიშნავი გაძლიერებაა"
"ყველაფერი აქვს, რასაც ახალწვეულში ვეძებთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლანსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა.

ესპანელმა პირველად ისაუბრა კვარაზე, როგორც პსჟ-ს ფეხბურთელზე და მის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა:

„შემიძლია მასზე ვისაუბრო. რომელ პოზიციაზე ვაპირებ მის გამოყენებას? თავდამსხმელად. კვარას შეძენა თავიდანვე გვინდოდა. მას აბსოლუტურად ყველაფერი აქვს, რასაც ახალწვეულში ვეძებთ. ახალგაზრდობიდან შეძენილი გამოცდილება აქვს, ძლიერი ხასიათი და მენტალიტეტი, დრიბლინგის უნარი, გოლის გატანა იცის, კარგი დაცვითი უნარებიც აქვს, ამიტომ ძალიან კარგი გაძლიერებაა. შეტევა კარგი გვყავდა, მაგრამ კვარა დიდებული გამაძლიერებელია, რომელიც ამის დემონსტრირებას წლების განმავლობაში შეძლებს”, - თქვა ლუის ენრიკემ.

კვარაცხელიამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 70 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები შეადგინა. ქართველს პსჟ-ში დებიუტი სავარაუდოდ, 25 იანვარს შედგება, როცა პარიზული კლუბი "რეიმსს" უმასპინძლებს.

ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში ახალი თავი იწყება, უკვე ფრანგული, "პარი სენ-ჟერმენის" 7-ნომრიანი მაისურით. კვარა პსჟ-ს ისტორიაში პირველი ქართველია, ხოლო საქართველო 50-ე ქვეყანა, რომლის წარმომადგენელი ამ გუნდში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა. კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ბოლო მატჩი 29 დეკემბერს, „ვენეციასთან“ ჩაატარა, ბოლო გოლი 29 ოქტომბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა.

ასე რომ, საფრანგეთის ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში სამი ქართველი ითამაშებს - ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი) და გიორგი მიქაუტაძე (ლიონი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.134388
892