ფეხბურთი

1:40 | 18.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ალ-ხელაიფი: "კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე აღმაფრთოვანებელი ფეხბურთელია მსოფლიო ფეხბურთში"
პსჟ-ს პრეზიდენტის პირველი კომენტარი

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დარწმუნებულია, რომ კვარა პსჟ-ში ყველა მიზანს მიაღწევს.

„მოხარულები ვართ, რომ მივესალმოთ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ ოჯახში“. ხვიჩა ერთ-ერთი ყველაზე აღმაფრთოვანებელი ფეხბურთელია მსოფლიო ფეხბურთში. ფანტასტიკური ტალანტი, ფეხბურთელი, რომელსაც აქვს გამბედაობა და გუნდისთვის ყველაფერზე მეტად იბრძვის.

ხვიჩას სურდა ჩვენი გუნდის ნაწილი ყოფილიყო. ვიცი, რომ ჩვენთან ერთად ყველა მიზანს მიაღწევს. გვიხარია, რომ გავაძლიერებთ ჩვენს გუნდს ვაგრძელებთ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავად გადაქცევას“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

კვარაცხელიამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 70 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები შეადგინა.

ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში ახალი თავი იწყება, უკვე ფრანგული, "პარი სენ-ჟერმენის" 7-ნომრიანი მაისურით. კვარა პსჟ-ს ისტორიაში პირველი ქართველია, ხოლო საქართველო 50-ე ქვეყანა, რომლის წარმომადგენელი ამ გუნდში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა.

კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ბოლო მატჩი 29 დეკემბერს, „ვენეციასთან“ ჩაატარა, ბოლო გოლი 29 ოქტომბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა.

ასე რომ, საფრანგეთის ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში სამი ქართველი ითამაშებს - ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი) და გიორგი მიქაუტაძე (ლიონი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.068544