ფეხბურთი

17:59 | 17.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "კვარაცხელია? 47 ქულა შრომით მოვიპოვეთ, ახლა განსხვავებული "ნაპოლი" იქნება"
"ნაპოლის" მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სკუდეტოს სეზონთან შედარებით შემადგენლობა ძალიან შეიცვალა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონი კონტემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლი“ განსხვავებული იქნება.

იტალიელმა სპეციალისტმა პირველად ისაუბრა საჯაროდ მას შემდეგ, რაც კვარამ „ნაპოლი“ დატოვა.

„47 ქულა დიდი შრომით ავიღეთ, ახლა ყველა კვარას წასვლაზე ვფიქრობთ, მაგრამ ობიექტურად თუ გავაანალიზებთ, ამ გუნდში 3 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ არის წინა სეზონთან შედარებით - ოსიმენი, კვარა და ჟიელინსკი, ოთხი - სკუდეტოს სეზონთან შედარებით, როცა კიმიც აქ იყო. ყველას შეუძლია თავისი აზრის დაფიქსირება, მაგრამ ეს ფაქტია, უფრო სწორად, 5 ფეხბურთელი აღარ არის გუნდში, მარიო რუი სკუდეტოს სეზონში მუდმივად თამაშობდა, შეგვიძლია ელმასიც ვახსენოთ.

ამბობენ, რომ ხერხემალი უცვლელია, მაგრამ ახლა სხვა „ნაპოლია“ და კვარას წასვლით კიდევ უფრო განსხვავებული, გასულ და სკუდეტოს სეზონებთან შედარებით. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ვიცით, რომ შრომამ მოგვიყვანა აქამდე, ეს ბიჭების დამსახურებაა. პარალელურად, უნდა გვახსოვდეს, რომ ორი წლის წინანდელთან შედარებით, ეს სხვა „ნაპოლია“, ახლა მით უმეტეს, როცა კიდევ ერთი საკვანძო ფეხბურთელის გარეშე დარჩა.

ვთქვი, რომ იანვარი რთულია, რადგან სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ამიტომ, არის გუნდში ცვლილებები, ჩვენგან უკვე 4 ფეხბურთელი წავიდა, კაპრილე, ფოლორუნშო, ძერბინი და კვარა. გასახდელის დინამიკის და ადამიანური ურთიერთობის გათვალისწინებით, გარდაუვალია, რომ იქნება მცირე დისბალანსი, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, რომელიც 1-ელ იანვრამდე გვქონდა. ქულები, რომლებიც დავაგროვეთ, 24 ფეხბურთელის დამსახურებაა და არა მხოლოდ იმ 11 ფეხბურთელის, რომელიც ძირითადში თამაშობს. ხელახლა უნდა შევქმნათ ალქიმია, რათა კვარას არყოფნა შევავსოთ, მაგრამ არასდროს ვწუწუნებთ, ასეთია საფეხბურთო დინამიკა, რომელიც წარსულშიც არსებობდა და იმედი მაქვს, მომავალში ნაკლები იქნება.

კვარას შემცვლელი ნერეშია თუ ახალ ფეხბურთელს ვიყიდით? ეს კლუბს უნდა ჰკითხოთ. მე დავთანხმდი აქ მუშაობას, რათა „ნაპოლის“ რთულ მომენტში დავხმარებოდი, მაქვს აქ მუშაობის სიამოვნება, ქალაქში, სადაც გუნდი ძალიან უყვართ. ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, ვიცით ჩვენი შესაძლებლობები სხვა კლუბებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ ამბიციურები უნდა ვიყოთ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა.

კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ბოლო მატჩი 29 დეკემბერს, „ვენეციასთან“ ჩაატარა, ბოლო გოლი 29 ოქტომბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა.

0.13683