ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ემოციური ვიდეოს მეშვეობით დაემშვიდობა, რომელიც სოციალურ ქსელებში განათავსა, რასაც „ნაპოლის“ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო გამოეხმაურა.
„მშვიდობით ჩემო მეგობარო, რაც შენ გააკეთე, ყოველთვის ამ ქალაქის ისტორიაში დარჩება. გამიმართლა, რომ შენთან ერთად ვითამაშე, წარმატებები ჩემპიონო. გისურვებ ყველა ოცნების ასრულებას. მიყვარხარ“, - დაწერა „ნაპოლის კაპიტანმა ვიდეოს კომენტარებში.
„წარმატებები ჩემო მეგობარი, ყველაფერში საუკეთესოს გისურვებ“, - წერს ალექს მერეტი.
სკოტ მაკტომინეი: „წარმატებები ძმაო, საუკეთესოს გისურვებ შენს ახალ ეტაპზე“.
სირილ ნგონგე: „მიყვარხარ ძმაო“.
ალესანდრო ძანოლი: „კვარინიო“.
დიეგო დემე: „ლეგენდა“.
კარიმ ზედადკა: „ნამდვილი ჩემპიონი, ყველაფრისთვის მადლობა ძმაო“.
დრის მერტენსი: „მადლობა შენ“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა.
კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ბოლო მატჩი 29 დეკემბერს, „ვენეციასთან“ ჩაატარა, ბოლო გოლი 29 ოქტომბერს, „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა.