ფეხბურთი

1:34 | 16.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის პირველი საგოლე პასი ბუნდესლიგაში, "ჰაიდენჰაიმის" ფრე "ვერდერთან" (+VIDEO)
"ჰაიდენჰაიმი" სამჯერ აგებდა, მაგრამ სამჯერვე გაათანაბრა და ქულა მაინც მოიპოვა. ბუდუმ ისევ კარგად ითამაშა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად ბრემენის „ვერდერს“ დრამატულ ბრძოლაში დაუზავდა, ქართველმა კი, თავის ახალ გუნდში, ბუნდესლიგაში და ზოგადად, ტოპლიგაში, პირველი შედეგიანი მოქმედება მიითვალა - საგოლე პასი.

ზივზივაძემ ზედიზედ მეორედ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და ისევ ძალიან კარგად, მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ გაიტანა.

„ვერდერი“ 46-ე წამზე დაწინაურდა, თუმცა „ჰაიდენჰაიმი“ სწრაფმა გოლმა ვერ გატეხა. 30-ე წუთზე სტუმრებმა შოპნერის ეფექტური გოლით გაათანაბრეს, საგოლე შეტევაში ზივზივაძეც აქტიურად მონაწილეობდა.

მეორე ტაიმის სტარტზე „ბრემენელი მუსიკოსები“ მეორედ დაწინაურდნენ, თუმცა, ოთხ წუთში სტუმრებმა ისევ გაათანაბრეს. ბუდუს პასით ახლო მანძილიდან ლუკა კერბერმა გაათანაბრა. „ვერდერი“ მარკო გრულის დუბლით მესამედ დაწინაურდა და მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ფრანკ შმიდტის გუნდმა 95-ე წუთზე ლეო სიენცას ულამაზესი საჯარიმო დარტყმით მესამედ გაათანაბრა! „ჰაიდენჰაიმი“ სამჯერ აგებდა, მაგრამ ბრემენიდან შინ მაინც ქულით დაბრუნდა - 3:3.

ბუდუ ზივზივაძეს ორ მატჩში 1 საგოლე პასი აქვს აქტივში. ზოგადად, ბუდუმ წინა ტურში „უნიონ ბერლინთან“ ერთ გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა, მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, რომელსაც თანაგუნდელმა დაამატა და გაიტანა. ქართველ ფორვარდს „ჰაიდენჰაიმში“ ნამდვილად კარგი სტარტი აქვს.

„ჰაიდენჰაიმი“ 14 ქულით მე-15 ადგილზეა, ასევე 14-14 ქულა აქვთ „ზანკტ პაულის" და ჰოფენჰაიმს“. მომდევნო ტურში „ჰაიდენჰაიმი“ 18 იანვარს, სწორედ „ზანკტ პაულის“ უმასპინძლებს.

დღესვე, ბუნდესლიგაში „ბაიერნმა“ „ჰოფენჰაიმი“ 5:0 გაანადგურა და „ლევერკუზენს“ მიახლოების საშუალება არ მისცა. „შტუტგარტმა“ „ლაიფციგს“ 2:1 აჯობა, „აუგსბურგმა“ სტუმრად „უნიონ ბერლინს“ 2:0 მოუგო, ხოლო „ბოხუმმა“ „ზანკტ პაული“ 1:0 დაამარცხა.

0.109686