ფეხბურთი

0:22 | 16.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია მარადონას შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც "ნაპოლის" ჰყოლია"

ტელეკომპანია Rai-ს ჟურნალისტმა ანტონელო პერილომ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას მოსალოდნელ ტრანსფერზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კვარაცხელიაზე ძლიერი ფეხბურთელი „ნაპოლის“ ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ დიეგო მარადონა იყო:

„ნაპოლის“ შესანიშნავი სეზონი აქვს და ტიფოზები ჩემპიონობაზე ოცნებობენ, მაგრამ ამ დღეებში კვარაცხელიას გაყიდვის გარდა არაფერზე საუბრობენ. პსჟ-ს შეთავაზება ისეთია, შეიძლება პულსმა აგიწიოს. საუბრობენ სეზონში 9 მილიონსა და პლუს ბონუსებზე. კონტემ გუნდი ძალიან კარგად მართა „ვერონასთან“ მატჩში, რადგან შეიძლებოდა იანვრის სატრანსფერო ბაზარს დესტაბილიზაცია გამოეწვია. ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვეულებრივ ფეხბურთელზე, არამედ მესამე სკუდეტოს მთავარ გმირზე.

ამ ბიჭმა, 77 ნომრით და ჩამოწეული გეტრებით, ფაქტობრივად გამაგიჟა, პირველივე დღიდან, როცა ის მოედანზე ვნახე. საოცარი ტალანტი, ჩემი აზრით, ყველაზე მაღალი კლასის ფეხბურთელი, რომელიც „ნაპოლის“ მარადონას ეპოქის შემდეგ ჰყოლია. თუმცა, მესმის, რომ ნებისმიერ ფასად მისი შენარჩუნება კლუბისთვის პროდუქტიული არ იქნებოდა“, - თქვა პერილომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

0.115648