თორნიკე შენგელია ტრავმისგან გამოჯანმრთელდა და მოედანზე დაბრუნდა. ქართველმა კალათბურთელმა ევროლიგის 21-ე ტურში კაუნასის „ჟალგირისთან“ ითამაშა, რომლის წინააღმდეგ „ვირტუსი“ დამარცხდა.
ლიეტუველებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს 12-ქულიანი უპირატესობა, რაც ხელიდან აღარ გაუშვიათ და „ჟალგირისმა“ საბოლოოდ, 77:68 მოიგო.
თორნიკე შენგელიამ 23 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, რითაც თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია.
„ვირტუს ბოლონია“ 6 მოგებით და 15 წაგებით ევროლიგაში მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 17 იანვარს, „ბაიერნს“ ესტუმრება.