ტურინის „იუვენტუსმა“ „გიმარაეშიდან“ 21 წლის მარჯვენა მცველი ალბერტო კოშტა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა იტალიურ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა და სეზონში 500 000 ევროს გამოიმუშავებს.
კოშტას ტრანსფერი „იუვენტუსს“ 12 მილიონი ევრო დაუჯდა. ფეხბურთელის შეძენას ლისაბონის „სპორტინგიც“ ცდილობდა, მაგრამ ტურინელთა შეთავაზება „გიმარაეშისთვის“ უფრო მისაღები აღმოჩნდა.
მიმდინარე სეზონში ნიჭიერმა მცველმა ყველა ტურნირზე 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.