ფეხბურთი

17:42 | 15.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლელი ჟურნალისტი: "ადვილია ღალატზე ლაპარაკი, მის ადგილას თქვენ რას იზამდით?"

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ლიბერატო ფერარამ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და „ნაპოლის“ ფანებს უპასუხა, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას ღალატში ადანაშაულებენ.

როგორც მან თქვა, საინტერესოა, ეს ხალხი რას იზამდა კვარაცხელიას ადგილას რომ ყოფილიყვნენ? ფერარას წერილი ასეთია:

„ყველა კვარას წინააღმდეგაა, მიიჩნევენ, რომ მან „ნაპოლის“ უღალატა. მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველის ადგილას ეს ხალხი სხვანაირად მოიქცეოდა? კვარაცხელია ნეაპოლელი არ არის, ალბათ, „ნაპოლიში“ გადმოსვლაზე მხოლოდ ის იცოდა, რომ ამ გუნდში მარადონა თამაშობდა. მოვიდა ძალიან მცირე თანხის სანაცვლოდ, დათანხმდა ღარიბ კონტრაქტს, ითამაშა დიდებულად, ოსიმენთან ერთად მთავარი გმირი იყო თითქმის 100 წელში მოგებულ მესამე სკუდეტოში. გავიმეოროთ: ის არც ნეაპოლელია და არც „ნაპოლის“ გულშემატკივარი.

მან მიიღო საგრძნობლად უკეთესი შეთავაზებები ბევრად უფრო პრესტიჟული კლუბებისგან საერთაშორისო დონეზე, ვიდრე „ნაპოლია“. რა თქმა უნდა, პსჟ-ს დე ლაურენტისის ნებართვის გარეშე არ შეეძლო კვარაცხელიას წაყვანა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა.

„ნაპოლი“ ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სთავაზობდა იმის ნახევარს, რაც ფრანგებმა შესთავაზეს. რას გააკეთებდით კვარაცხელიას ადგილას? ადვილია ლაპარაკი ღალატზე, მაგრამ შენ რას გააკეთებდი მის ადგილას?

იტალიურ ფეხბურთს გარკვეულ დონეზე კონკურენცია არ ძალუძს. არც ერთ გუნდს არ შეუძლია ფეხბურთელს წელიწადში 10 მილიონი შესთავაზოს, თუნდაც იმიტომ, რომ ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და სხვა ფეხბურთელებსაც მოუნდებათ ხელფასის გაზრდა.

არ მომწონს დე ლაურენტისი, ის ხშირად სისულელეებს ლაპარაკობს და აჩვენებს, რომ არ იცის ფეხბურთი და ფანებთან ურთიერთობა. ამ შემთხვევაში კი, მისი შეცდომა ისაა, რომ ფეხბურთელი ზაფხულში არ გაყიდა. ფეხბურთი კინო არ არის, კონტრაქტს აქვს ღირებულება, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ წერტილამდე. როცა ერთ-ერთი მოთამაშის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებ, უნდა დათმო. ოსიმენის ამბავმა არაფერი გვასწავლა?

თუმცა, ვიმეორებ, აზრი არ აქვს კვარაცხელიაზე თავდასხმას. პროფესიონალია, თავის არჩევანს აკეთებს. ზუსტად ისე, როგორც სხვა ფეხბურთელებმა, რომლებმაც წარსულში „ნაპოლი“ დატოვებს. ფეხბურთი ასეთია, თუ არ მოგწონთ, აღარ უყუროთ. მაგრამ ნუ დავდებთ ბრალს ბიჭს, რომელიც გაცილებით კონკურენტულ გუნდში მიდის, გაცილებით უკეთესი კონტრაქტით“, - დაწერა ფერარამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

0.118241