ფეხბურთი

21:07 | 14.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბეტონის კედლების პირისპირ

ჩემი თაობა ბრაზილელ ფეხბურთელ ლუის ნაზარიო დე ლიმას "ნამდვილ რონალდოდ" მოიხსენიებს და ამით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ჩვენთვის ევროპელ თუ სამხრეთამერიკელ უთვალავ რონალდოთა შორის უპირველესი და შესაბამისად "ნამდვილი", სწორედ ლეგენდარული "კიჭაა", რომელმაც ტრავმამრავლობის გამო ფეხში ჩაყენებული პლასტმასის კოჭით მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და ითამაშა ის ფეხბურთი, რის გამოც შეიძლება ფეხბურთი და განსაკუთრებით კი ბრაზილიური ფეხბურთი გიყვარდეს.

ბევრმა არ იცის, რომ ლეგენდარული "კიჭა" გაიზარდა უძველეს, თუმცა ღმერთისგან მივიწყებულ გუნდში სახელად "სან კრისტოვაო", რომლის შესახებ ჩემი საყვარელი სპორტზე მწერალი კაცი, იგორ ფესუნენკო თავის მშვენიერ წიგნში "პელე, გარინჩა ფეხბურთი" ისე გემრიელად წერს, ამის დავიწყება შეუძლებელია.

ეს წიგნი ადრეც მიხსენებია და ახლაც დაბეჯითებით ვურჩევ ბურთზე გადარეულ ახალგაზრდებს წაკითხვას, თუმცა ამჯერად ფესუნენკოს წიგნზე არ გელაპარაკებით.

მინდა ორი სიტყვა გითხრათ "სან კრისტოვაოს" ძველი და დეველოპერებს უცნაურად გადარჩენილ სტადიონზე, რომელიც აგერ უკვე 15 წელია სწორედ ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს, იგივე "ფენომენოს" სახელს ატარებს.

კლუბი, რომლის სრული სახელწოდებაცაა "სან-კრისტოვან დე ფუტებოლ ე რეგეტასი", (ან უბრალოდ "სან-კრისტოვაო ") უდიდესი ტრადიციების მქონე გუნდია მთელს ბრაზილაში და განსაკუთრებით კი რიო რიო-დე-ჟანეიროს შტატში.

გუნდი დაარსდა და პირველი სტადიონი აშენდა უხსოვარ 1898 წლის 12 ოქტომბერს, გუნდს ამჟამინდელი სახელი ეწოდა 1943 წლის 2 თებერვალს. მიუხედავად ასეთი სიძველისა, კლუბს ერთადერთი ტიტული აქვს - 1926 წელს გახდა შტატის ჩემპიონი. ესაა და ეს! დანარჩენი წლები სულ სიღარიბე, სულ უფულობა და დაშლა/გაქრობის საფრთხე, თუმცა რაღაც მანქანებით "სან კრისტოვაო" დღესაც არსებობს და არსებობს იმ პირობებში, როდესაც რიოს გიჟური განაშენიანება სტადიონს მოადგა.

სტადიონთან ახლოს გაიყვანეს ორი დიდი ავტორსტრადა თავისი ხიდებით და გარშემო არსებული ინფრასტრუქტურით, რის გამოც "ფენომენოს" ძველი და ყანყალა სტადიონი დანგრევის აშკარა საფრთხის ქვეშაა, მაგრამ ძველ ტრადიციებს ერთგულებენ და კბილებით იცავენ რიოს სამხრეთ გარეუბნის მცხოვრები უბრალო ადამიანები, რომლებიც ჯერ ისევ ახერხებენ მოკხვდურ დეველოპერთა მოგერიებას და არავინ იცის როდის და როგორც დასრულდება ეს უთანასწორო ბრძოლა.

როდესაც ამ გაუტეხელი ხალხის შესახებ კითხულობ, ძალაუნებურად გახსენდება საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი, სადაც გიჟურმა მშენებლობებმა შეიწირეს უამრავი დიდი თუ პატარა სტადიონი.

ჩვენ სამწუხაროდ ვერ გამოვდექით ბრაზილელებივით მხნენი და მებრძოლნი.და ვერაფერი.მოვუხერხეთ ბეტონის კედლების სახით მოსულ ბოროტებას, რომელიც როგორც ვხედავთ შლის წარსულს და ანადგურებს განსაკუთრებით დიდ ქალაქებში ისედაც პრობლემად ქცეულ ჯანმრთელი ცხოვრების წესს. ეს ბრძოლა სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას ჰგავს, რომელიც მუდმივად გრძელდება და მასში ადამიანები იშვიათად იმარჯვებენ.

ფოტოებზე: სტადიონი "ლუის ნაზარიო "ფენომენო" რომელიც ჯერ კიდევ კლუბ "სან კრისტოვაოს" საკუთრებაა.

0.12226