ტურინის „იუვენტუსს“ „ბარსელონას“ მცველის, რონალდ არაუხოს გადაბირება სურს. რამდენიმე დღის წინ, თითქოს, ეს გადაწყვეტილიც იყო, თუმცა, ბოლო დღეებში სიტუაცია შეიცვალა.
ახლა უფრო დიდი შანსია, რომ არაუხო „ბარსაში“ დარჩეს. კლუბში არ მალავენ, რომ მისი შენარჩუნება სურთ.
ჰანსი ფლიკის თქმით, არაუხოსგან საუკეთესოს ელოდება: „არ ვიტყვი მასთან რაზე ვისაუბრე, მაგრამ ის „ბარსას“ ფეხბურთელია, არაფერი შეცვლილა. როდესაც „რეალთან“ შემოვიდა, კიდევ ერთხელ ვნახეთ რამდენად კარგია. ის ლიდერია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. რონალდისგან საუკეთესოს ველით“.
არაუხოს შენარჩუნების იმედი და სურვილი აქვს პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასაც:
„დეკუს უნდა ჰკითხოთ, მე მინდა, რომ არაუხო დარჩეს და ვფიქრობ, შეგვიძლია გამოსავალი ვიპოვოთ. მომწონს რონალდი, შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. ახლა ის კლუბთან გარკვეული გარემოებების გამო საუბრობს, მაგრამ გამოსავალი ჯერ კიდევ არის“, - თქვა ლაპორტამ.
„ბარსას“ პრეზიდენტმა სხვა თემაზეც ისაუბრა: „ახლა შეგვიძლია დავარეგისტრიროთ დანი ოლმო და პაუ ვიქტორი, მალე ახალი სტადიონიც გვექნება. მე არასოდეს ვაპირებდი გადადგომას ფედერაციის და ლა ლიგის გამო. არ ვნებდებით, მაგრამ ისინი ცდილობენ კლუბის, ფეხბურთელების და მენეჯერების დესტაბილიზაციას. რეაგირება მოვახდინეთ, სუპერთასი მოვიგეთ“.
შეგახსენებთ, რომ რონალდ არაუხო უარს ამბობს კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2026 წელს იწურება და კლუბის დატოვება სურს. ურუგვაელს "იუვენტუსში" გადასვლა სურს, რომელთანაც პირადი შეთანხმება მიღწეული აქვს. თუმცა, „ბარსელონა“ ცდილობს კაპიტნის შენარჩუნებას, რომელმაც კატალონიურ გრანდში დღემდე 152 მატჩში 8 გოლი გაიტანა.