ფეხბურთი

22:05 | 13.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ სალია "ნიუკასლში": "ჩემთვის დიდი გამოწვევა და მოტივაციაა აქ თამაში"

ვახტანგ სალია ნიუკასლში ჩავიდა, სადაც „სენტ ჯეიმს პარკზე“ „ბრომლისთან“ (3:1) მატჩს დაესწრო.

ქართველმა ფეხბურთელმა „ჯორდებთან“ კონტრაქტი ოქტომბერში გააფორმა, მაგრამ ჯერ იჯარით „დინამო თბილისში“ დატოვეს. ის შეხვდა გუნდის მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუს, ასევე ფეხბურთელებს და სპორტულ დირექტორს.

„ნიუკასლის“ ვებგვერდზე სალიას პირველი ოფიციალური ინტერვიუც გამოქვეყნდა:

„კლუბის ბაზა, აკადემია და სტადიონი მოვინახულე, საოცარი იყო. ჩემი ოცნებაა „სენტ ჯეიმს პარკზე“ თამაში და ვფიქრობ, ეს ყველას ოცნებაა. მამაჩემმა და ჩემმა აგენტმა დამარწმუნეს, რომ „ნიუკასლი“ ამერჩია. აქ ორი ქართველი თამაშობდა, მათ არ შევხვედრივარ, მაგრამ იმედია, მალე შევხვდები. ამ კლუბს დიდი ისტორია აქვს. ერთზე მეტ პოზიციაზე თამაში შემიძლია, მთავარია ვითამაშო, შემდეგ ვეცდები, რომ ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო. არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, მირჩევნია, ჩემზე სხვებმა ისაუბრონ.

ჩემთვის დიდი გამოწვევაა და მოტივაციაა აქ თამაში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ყველა პროფესიონალმა უნდა გადადგას, რათა თავისი ოცნებები აიხდინოს. ერთი წლის წინ ჩემი ოცნება „დინამო თბილისში“ თამაში იყო, ჩემი პირველი გოლის შემდეგ კი, ორი დღე შოკში ვიყავი. თუმცა, ეს იყო მოტივაცია უფრო მეტი გოლის გასატანად. როდესაც გავიგე, რომ ჩემით „ნიუკასლი“ ინტერესდებოდა, ეს მოტივაცია გაიზარდა. ვიცი, რომ აქ მეტი მუშაობა მომიწევს, ამიტომ, ორჯერ მეტს ვიმუშავებ“, - თქვა სალიამ.

ვახტანგ სალია „ნიუკასლს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება. ამ ინგლისურ კლუბში აქამდე თემურ ქეცბაიას და ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშიათ.

0.115387