საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი წრის ბოლო, მე-17 ტურში „სენტ ეტიენი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა.
ზურიკომ აღნიშნულ გოლზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სანამ ჯარიმას დაარტყამდა გადაწყვეტილება შეცვალა.
"კარგი გოლი გამოვიდა, სანამ ჯარიმას დავარტყამდი გადაწყვეტილება შევცვალე, რადგან დონარუმამ ცარიელი კუთხე დამიტოვა, არ ვიცი რატომ მოიქცა ასე. გოლი ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა ვფიქრობ მეტი შეგვეძლო და გატანის მეტი შანსიც მქონდა. ვფიქრობ შრომა უნდა გავაგრძელოთ და შემდეგ თამაშებში უკეთესი შედეგი მოვა. რაც შეეხება ჩემს აღნიშვნას, ეს ჩემს მეუღლეს ეკუთვნოდა, რომელიც ტრიბუნებზე იმყოფებოდა, თითებით გული გავუკეთე. იმედი მაქვს, უფრო ხშირად გავიტან და ამ ჟესტს უფრო მეტჯერ გავაკეთებ.
კარგად ვითამაშეთ, გოლების გატანის შანსი გქონდა, პსჟ-საც ბევრი მომენტი ჰქონდა. ვიცოდით მეტოქე როგორ ითამაშებდა, გეგმა გვქონდა და ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ კარგი თამაში ვაჩვენეთ. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, რა თქმა უნდა, მეტი გვინდოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. ვფიქრობ, „მარსელთან“ შედარებით ახლა უკეთ ვითამაშეთ, რადგან „მარსელის“ წინააღმდეგ ბურთი არ გვქონდა, ძალიან უკან ვიდექით და რთული იყო. ახლა გეგმა შევცვალეთ, მწვრთნელს სურს, უფრო მაღალი პრესინგი ვითამაშოთ და ეს უკეთესია ჩემთვის და გუნდისთვის.
რაც ამ მატჩში ვნახეთ დადებითია მომავლისთვის, შემდეგი მატჩებისთვის. „ნანტის“ წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, რომლისთვისაც მოვემზადებით. დავივიწყებთ ამ თამაშს და იმედია, მომდევნო მატჩები უკეთესი იქნება. თავდაჯერების მხრივ ეს თამაში დაგვეხმარება, რადგან „პარი სენ-ჟერმენი“ დიდი გუნდია, რომელიც აგრესიულ და მაღალ პრესინგს თამაშობს", - თქვა ზურიკომ.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა. „სენტ ეტიენი 17 ტურში მოპოვებული 16 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 19 იანვარს, უშუალო კონკურენტ „ნანტს“ უმასპინძლებს, რომელსაც ბურთების ბალანსით ჩამორჩება.