ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ფულვიო კოლოვატიმ ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.
მისი აზრით, ქართველი „ნაპოლის“ პატივს არ სცემს, კლუბს, რომელმაც ის აღმოაჩინა და ყველას გააცნო:
„კვარაცხელიას აბსოლუტურად არავითარი მადლიერება არ აქვს კლუბის მიმართ, რომელმაც აღმოაჩინა. სამი წლის წინ არავინ იცოდა ვინ იყო ის. პირველი სეზონი კარგად ჩაატარა, მაგრამ მაგალითად, მიმდინარე სეზონში თავის დონეზე ვერ თამაშობს“, - აღნიშნა კოლოვატიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.