„ნაპოლის“ ფეხბურთელებმა რომელუ ლუკაკუმ და მატეო პოლიტანომ გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთეს.
ბელგიელმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელები თამაშზე არიან კონცენტრირებული, ხოლო იტალიელის თქმით, კვარასთან ბევრი არ ულაპარაკია, რადგან მათ შორის ენობრივი ბარიერია:
რომელუ ლუკაკუ: „ვიცით, რომ იანვარში ბევრი სატრანსფერო ჭორია, მაგრამ ჩვენ თამაშებზე და ვარჯიშებზე ვართ კონცენტრირებული“.
მატეო პოლიტანო: „ამაზე ბევრი არ გვიფიქრია, თამაშზე ვიყავით კონცენტრირებული. ბუნებრივია, რომ სევდიანია ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა, მაგრამ ეს მისი არჩევანია, ჩვენ და კლუბს კი, ბევრი რამის გაკეთება არ შეგვიძლია. ბევრი არ გვისაუბრია ერთმანეთში, ის იტალიურად ცოტას საუბრობს და მე კი ინგლისურად, ჩვენს შორის ცოტა დიალოგი იყო“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.