ფეხბურთი

3:00 | 13.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "კვარა კარგი ბიჭია, იმედგაცრუებული მისით არ ვარ, იტალიურად ხომ გელაპარაკებით?!"
"თუ ვინმეს უნდა მისი შეძენა, ნაბიჯები გადასადგმელი აქვს, ეს უმნიშვნელო ამბავი სულაც არაა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ვერონასთან“ მატჩის შემდეგ მან თქვა, რომ კვარათი ან კლუბით არ არის იმედგაცრუებული, არამედ საკუთარი თავით, რომ სიტუაცია ექვს თვეში ვერ შეცვალა:

„ამჟამად ლიდერები ვართ, რაც დავიმსახურეთ და გვინდა იქ დავრჩეთ. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის მნიშვნელოვანი ფეხბურთელების შუა სეზონში დაკარგვა, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება, რადგან ჯერ არავინ წასულა. გუნდმა აჩვენა სიმწიფე, სატრანსფერო ბაზარი მასზე გავლენას ვერ ახდენს და ეს მამშვიდებს.

მინდა ერთი რამ ხაზგასმით აღვნიშნო, რადგან მგონი იტალიაში იტალიურად ვლაპარაკობ. ინგლისში რომ ვიყო, ვიფიქრებდი, რომ ვიღაცამ ჩემი ინგლისური ვერ გაიგო. მე ვისაუბრე იმედგაცრუებაზე, მაგრამ არა ფეხბურთელის ან კლუბის მიმართ, არამედ ჩემს პირად იმედგაცრუებაზე, რადგან ამ ექვს თვეში ამ სიტუაციის შეცვლა ვერ მოვახერხე. კვარათი ან კლუბით არ ვარ იმედგაცრუებული, მე პასუხისმგებლობას სხვებს არ ვაკისრებ, ყოველთვის ჩემს თავზე ვიღებ. ვფიქრობდი, რომ შემეძლო ამ ექვს თვეში სხვაგვარი გავლენის მოხდენა სიტუაციაზე, სამაგიეროდ კი, მივხვდი, რომ უკან დავბრუნდით.

დღეს სათაურები ვნახე: „კონტე კვარათი იმედგაცრუებულია“ - მე არ ვარ კვარათი იმედგაცრუებული, იმედგაცრუებული ვარ სიტუაციით, რადგან მასზე გავლენა ვერ მოვახდინე. ზოგჯერ მწვრთნელები ეხმარებიან კლუბებს ფეხბურთელებთან დაკავშირებით და როცა ვხვდები, რომ ვერ შევძელი გავლენის მოხდენა, როგორც ამ შემთხვევაში, ჩემი თავით იმედგაცრუებული ვარ.

კვარას არაფერს ვუკარგავთ, ძალიან კარგი ბიჭია. ნებისმიერ თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი და კლუბმაც მიიღოს თავისი გადაწყვეტილება. შეიძლება ზედმეტად მჯეროდა, რომ შემეძლო სიტუაციის შეცვლა, რაც არ გამომივიდა. სამწუხაროა, რადგან ძლიერ, მნიშვნელოვან ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. თუმცა, რეალური ფაქტებიც უნდა გავითვალისწინოთ: დღეისთვის ხვიჩა „ნაპოლის“ ფეხბურთელია, ეს არ დავივიწყოთ, რადგან თუ ვინმეს ხვიჩას შეძენა უნდა, გარკვეული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, ეს სულაც არ არის უმნიშვნელო ნაბიჯები, ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

0.129