კალათბურთი

23:32 | 12.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

“ა” ლიგის მეორე ტური “გრიფინის” და “ვერას” მოგებებით გაიხსნა

“ა” ლიგის გათამაშება გახურდა. მეორე ტური დღეს დედაქალაქსა და თელავში დაიწყო, ხოლო ხვალ ერთი მატჩით დედაქალაქშივე დასრულდება. დიღმის არენაზე ერთმანეთს ლიგის დებიუტანტები – თავისუფალი & აგრარული და კასპის “გრიფინი” შეხვდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ტურში ორივე დებიუტანტმა იმარჯვა: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გაერთიანებულმა გუნდმა “სოხუმი-საქართველოს” აჯობა, ხოლო კასპელებმა თბილისში “ვერა” დაამარცხეს.

ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ დასრულდა პერიოდი, როცა “ა” ლიგაში შემოსული (უმეტესად, საუნივერსიტეტო ლიგიდან) გუნდები იმთავითვე განწირულები იყვნენ, რადგან ლეგიონერებს არ (ვერ) იმატებდნენ და ლიგაში 1 სეზონის გატარების შემდეგ მის მიღმა რჩებოდნენ. ტრადიცია დაარღვია 2023-2024 წლების სეზონში სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) გუნდმა, რომელმაც უცხოელები ჩამოიყვანა და რეგულარულ ჩემპიონატში 2 თამაშის მოგება შეძლო, თუმცა მაინც გავარდა. თავისუფალი & აგრარულს კი 4 უცხოელი ჰყავს და 8 იანვარს დაწყებული “ა” ლიგის პირველივე მატჩი მოიგო. რაც შეეხება “გრიფინს”, კასპელებს, რომლებსაც ახალგაზრდა გიორგი სიმონიშვილი წვრთნის, საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა ჰყავს და სადებიუტო მატჩში “ვერას” დამარცხების შემდეგ დღეს “თავისუფალსაც” მოუგო.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. კასპელებს აკლდათ ერთ-ერთი ამერიკელი – ზებედი გრეჰემი, თუმცა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი მთელი თამაში მისდევდა გრიფინს და მოგების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. მატჩის შუაწელში ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა სტუდენტურმა გუნდმა მცირედით დაწინაურებაც მოახერხა, მაგრამ კასპელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, მონტეს მატისმა ჩვეული შედეგიანობა გამოავლინა და გრიფინს გამარჯვებამდე ულიდერა 89:85 (სტატისტიკა).

მატისის ანგარიშზე 36 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. 11-11 ქულა სამმა გრიფინელმა – გიორგი რუხაძემ, ვასილ ბერუაშვილმა და ელაია ბიუქენენმა მოაგროვეს. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდში საუკეთესო იყო ექსკავკასიელი ჯორდან სმიტი, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

მეორე ტურის მეორე შეხვედრა თელავში გაიმართა. “ბურჯმა” თბილისის “ვერას” უმასპინძლა და ძალიან დაძაბული ბრძოლის დასკვნის პერიოდში გატყდა. ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, ბოლო პერიოდის წინ კი მასპინძლები 4 ქულით იგებდნენ. რაც ბოლო მეოთხედში მოხდა, ალოგიკური იყო, რადგან თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე მატჩს თელაველები იგებდნენ, რომლებმაც ბოლო ათწუთეული 14:30 (!) დათმეს და საბოლოოდ სოლიდური სხვაობით წააგეს – 78:90 (სტატისტიკა).

ვერელებმა გუნდურად ითამაშეს – 6 მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს, თუმცა 20 ქულას ვერც ერთმა მიაღწია. ყველაზე მეტი – 16 ქულა ჯარვის დოლესმა მიითვალა. 13-13 ქულა საბა ნარიმანიძის და კრისტიან მონტაგუს ანგარიშზეა. თელაველთა გუნდში 23 ქულითა და 11 პასით კეილაბ თორნტონი გამოირჩა

2-დან 2 მოგებით ლიგას კასპის გრიფინი ლიდერობს. მეორე პოტენციური ლიდერი, “რუსთავი 1991” მეორე ტურის მატჩს ხვალ სოხუმი-საქართველოსთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში გრიფინს გაუთანაბრდება.

GBF.GE

0.113191