ფეხბურთი

17:03 | 12.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს ეძებს

„ნაპოლის“ იანვრის სატრანსფერო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლა მოუწევს, რომელიც კარიერას დიდი ალბათობით, „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს.

ანტონიო კონტეს მოთხოვნაა, რომ საჩემპიონო რბოლაში კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავდეს, შესაბამისად, ნეაპოლელებს მოუწევთ ახალი გარემარბის ყიდვა. ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია, მაგრამ „აძურის“ არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს.

იტალიურ პრესაში ყველაზე ხშირად ფედერიკო კიეზას და ედონ ჟეგროვას შესახებ საუბრობენ. კიეზა „ლივერპულში“ იშვიათად თამაშობს და კონტეს ის დიდი ხანია მოსწონს, ხოლო ჟეგროვას „ლილი“ 30 მილიონ ევროდ აფასებს.

იტალიურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ კონტეს მოთხოვნა „მანჩესტერიდან“ ალეხანდრო გარნაჩოს შეძენაა, რომელიც 50 მილიონი ევრო ღირს. ასევე ახსენეს, ჰაკიმ ზიეშის, დეიან კულუშევსკის და დამი ნდოიეს სახელებიც. ჯერჯერობით, „ნაპოლის“ მოლაპარაკებები არცერთი მათგანის თაობაზე არ დაუწყია.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 3 თებერვალს იხურება, შესაბამისად, „ნაპოლის“ დრო საკმარისად აქვს, რომ კვარაცხელიასგან გამომუშავებული 80 მილიონით მისი შემცვლელი შეიძინოს.

0.112386