„ვალენსიას“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა „სევილიასთან“ მატჩში 93-ე წუთზე შეცდომა დაუშვა, რაც მის გუნდს ქულების დაკარგვის ფასად დაუჯდა (1:1).
თუმცა, ქართველი მეკარე თანაგუნდელმა ხავი გერამ დაიცვა, რომელმაც თქვა, რომ გიორგიმ ისინი უფრო მეტჯერ გადაარჩინა, ვიდრე შეცდომა დაუშვა:
„მისთვის რთული მომენტია, მაგრამ შეცდომის დაშვების უფლება ყველას გვაქვს, პრეტენზიები არ გვაქვს. მან უფრო მეტჯერ გადაგვარჩინა, ვიდრე შეცდომა დაუშვა, ახლა თასის მატჩზე უნდა ვიფიქროთ“, - აღნიშნა გერამ.
გიორგის შესახებ ლუის რიოხამაც გააკეთა კომენტარი: „ლა ლიგის სამი საუკეთესო მეკარიდან ერთ-ერთი ჩვენ გვყავს, რომელსაც არ გაუმართლა. ჩვენი პირველი შემტევი მეკარეა და პირველი მცველი თავდამსხმელი, ერთიანები ვართ. ის არა მხოლოდ სეივებით გვეხმარება და გვარჩენს, არამედ გვეხმარება, როცა ბურთი თამაშში შეჰყავს“, - განაცხადა რიოხამ.
გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული. „ვალენსია“ 19 ტურში მოპოვებული 13 ქულით ბოლო ადგილზეა და გავარდნის მთავარი კანდიდატია. „ლოს ჩე“ მომდევნო ტურში 19 იანვარს, „სოსიედადს“ უმასპინძლებს, მანამდე კი, 14 იანვარს, ესპანეთის თასზე "ოურენსეს" ესტუმრება.