კალათბურთი

13:40 | 12.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის სამმა მატჩმა ის ოთხი გუნდი გამოავლინა, რომლებიც მემორიალური ტურნირის მოსაგებად ბრძოლას ნახევარფინალიდან გააგრძელებენ. ესენი არიან თსუ, ვსა, ქუთაისი და ივერიონი. პირველმა სამმა გუნდმა ჯგუფები მოიგეს, გორის ივერიონმა კი ნახევარფინალის საგზური იმიტომ მიიღო, რომ ჯგუფებში მეორე ადგილებზე გასულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა.

ნახევარფინალში გუნდები ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაწყვილდნენ. ყველაზე კარგი შედეგი თსუ-მ აჩვენა, რომელმაც 2 მატჩი ჯამური 51 ქულით მოიგო და ნახევარფინალში უარესი შედეგის მქონე “ივერიონს” შეხვდა. მეორე წყვილი კი ვსა-მ და ქუთაისმა შეადგინეს. ნახევარფინალები 13 იანვარს, დიღმის არენაზე გაიმართება, ხოლო ფინალსაც იგივე დარბაზი, 15 იანვარს უმასპინძლებს.

სამივე ჯგუფში გამსვლელი პირად შეხვედრებში ირკვეოდა, თუმცა ისე მოხდა, რომ არც ერთი მატჩი დაძაბული არ ყოფილა. სამივე შეხვედრაში გამარჯვებული იოლად გამოვლინდა. გამარჯვებულებმა მეტოქეს ისე მოუგეს, წარმატების შანსი არ მიუციათ.

B ჯგუფი | ქუთაისი vs ამრა (გაგრა)
სტატისტიკა: 93:78

მატჩი საინტერესოდ კი დაიწყო, მაგრამ მეორე ნახევარში იმერულმა კლუბმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვებამდე იოლად მივიდა. საწყისი პერიოდი ქუთაისელებმა 26:23 მოიგეს, მეორეში კი ლიდერობა გაზარდეს და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 52:42.

მესამე ათწუთეული საკვანძო გამოდგა. გუნდური თამაშის წყალობით კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ლიდერობა 20 ქულამდე გაზარდეს და ამრა უშანსოდ დატოვეს. საბოლოოდ 15-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, რამაც ამრას ნახევარფინალში მეორე ადგილიდან გასვლის მიზერული შანსი დაუტოვა.

ქუთაისელთაგან საუკეთესო შედეგი გიორგი ოჩხიკიძეს ჰქონდა – 18 ქულა და 7 პასი. 14 ქულა ერთბაშად სამმა კალათბურთელმა დააგროვა – აკაკი დვალიშვილმა, გიორგი სულაბერიძემ და გიორგი კორსანტიამ.ამრაში 22 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე.

ქუთაისმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფინალში გასასვლელად ვსა-ს დაუპირისპირდება. სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ მიმდინარე სეზონის წინ გამართული დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალშიც. მაშინ ვსა-მ იმარჯვა.

A ჯგუფი | მარგვეთი (ზესტაფონი) vs თსუ
სტატისტიკა: 78:95

ამ მატჩში ბრძოლა არ შედგა. თსუ-მ 7 კალათბურთელით თამაშა, მაგრამ ისე შედეგიანად, რომ მეტოქეს იმედის ნაპერწკალიც არ გაღვივებია. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თამაში 13:0 გაქცევით დაიწყო და აქ უკვე ცხადი გახდა, ვინ მოიგებდა თამაშს. წინა მატჩში, გურჯაანის დელტას 34 ქულით ძლევისას, თსუ-ელებმა რეკორდული 23 სამქულიანი ჩააგდეს. მარგვეთთან შეხვედრაში კი 20 შორი სროლა მიითვალეს.

ალექსანდრე ფევაძემ კარიერის პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა – 19 ქულა, 16 პასი, 10 მოხსნა. გუნდს აკლდა გიორგი ცინცაძე, ვილი ისიანი, მათე ყავლაშვილი, საბა გეგუჩაძე… თუმცა ეს არანაირი დაბრკოლება არ აღმოჩნდა. თსუ-მ საქმე მალევე მოათავა და საბოლოოდ გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდა. 5 სამქულიანი ნიკა ლეონიძემ ჩააგდო, ხოლო 4-4 ალექსანდრე ფევაძემ, ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და დევონტრე ტოომასმა. კარსონ ბაშამმა ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

თსუ, ცხადია, ნახევარფინალში გავიდა, მარგვეთი კი ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშის იმედზე დარჩა. ზესტაფონელებს თითო მოგებ-წაგება ჰქონდათ და ბურთების შეფარდება – 6. ამაზე უკეთეს შედეგს თუ ვერ დააფიქსირებდა, C ჯგუფიდან მეორეადგილოსანი პლეი ოფში ვერ გავიდოდა.

C ჯგუფი | ვსა vs ივერიონი (გორი)
სტატისტიკა: 97:81

დიდი ალბათობით, ამ წყვილიდან აგებული გახდებოდა ნახევარფინალის მე-4 გუნდი, რომელიც ჯგუფიდან მე-2 ადგილიდან გავიდოდა. ასეც მოხდა – ივერიონმა თამაში 16 ქულით წააგო, თუმცა ნახევარფინალში მაინც გავიდა. ყველაფერი ერთმა ქულა, გადაწყვიტა. თითო მოგებ-წაგება და ბურთების შეფარდება -5. გორელებმა ზესტაფონის მარგვეთს ერთადერთი ქულით აჯობეს. მარგვეთმა ჯგუფური ეტაპი თითო მოგება-წაგებითა და ბურთების -6 შეფარდებით დაასრულა.

ქება და ქება ვსა-ს, სუპერლიგაში გასულ წელს გადმოსულ გუნდს, რომელმაც დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო და ახლა საკანდელიძე-ქორქიასაც უტევს, სუპერლიგაში კი მეორე ადგილზეა. ივერიონთან ვსა-ს არ გასჭირვებია. მხოლოდ პირველ ნახევარში იყო შედარებით თანაბარი თამაში, რის შემდეგაც დავით ნოზაძის გაწვრთნილმა ვსა-მ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე ახლოს აღარ მიუკარებია.

ვსა-ს ანზორ ნადირაძემ 24 ქულითა და 8 მოხსნით ულიდერა. ჯერმეინ ჰედმა 15 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 17 ქულა და 7 პასი ტროი სიმონსმა მოაგროვა. ივერიონში 20-20 ქულა ჰქონდათ ნიკოლოზ დარბაიძესა და რეჯი მესიდორს, ოსტონ ჩატმანის ანგარიშზე 15 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.

GBF.GE

0.115347