„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა „უნიონ ბერლინთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა და კომენტარი ბუდუ ზივზივაძის თამაშზეც გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ ბუდუ ძალიან კარგად თამაშობს თავით, რაც გუნდს ძალიან ეხმარება და სჭირდება:
„რა თქმა უნდა, შესანიშნავია, რომ ფრანსმა თავის სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა, მაგრამ ასევე, ბუდუმაც ძალიან კარგად ითამაშა, ბევრი სამუშაო შეასრულა, მათ შორის, მეტოქის წითელ ბარათშიც შეიტანა წვლილი. არ ვიცი, აქამდე, მეორე სართულზე ბურთს რამდენჯერ ვიგებდით, მან მოახერხა თავით ორთაბრძოლების მოგება, გაძევებაც მის მიერ მოგებულ ბურთს მოჰყვა. მას თავისი აჩქარებებით შეუძლია მცველებისთვის პრობლემების შექმნა“, - თქვა შმიდტმა.
შეგახსენებთ, რომ „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგაში 28 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო და 10-მატჩიანი საშინელი სერია (1 ფრე, 9 წაგება) შეწყვიტა. ფრანკ შმიდტის გუნდი 16 ტურის შემდეგ 13 ქულით ისევ მე-16 ადგილზეა, მაგრამ სამშვიდობო ზონას უკვე ერთ ქულაში მიუახლოვდა, მომდევნო ტურში კი, 15 იანვარს, ბრემენში, „ვერდერს“ ესტუმრება.