ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში „ვალენსია“ „სევილიას“ ესტუმრა და ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 1:1.
ლუის რიოხამ 61-ე წუთზე „ღამურები“ დააწინაურა, რასაც ანდალუსიელებმა მსაჯის მიერ მესამე კომპენსირებულ დროში პედროსას გოლით უპასუხეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ერთთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. უნდა ითქვას, რომ გაშვებულ გოლში გიორგიმ შეცდომა დაუშვა და უკეთ მოქმედება მართებდა. ქართველმა მეკარემ 4 მოგერიება მიითვალა. მან ტრავმის გამო წინა 5 მატჩი (ლა ლიგასა და ესპანეთის თასზე) გამოტოვა. მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
„ვალენსია“ 19 ტურში მოპოვებული 13 ქულით ბოლო ადგილზეა და გავარდნის მთავარი კანდიდატია. „ლოს ჩე“ მომდევნო ტურში 19 იანვარს, „სოსიედადს“ უმასპინძლებს.