ფეხბურთი

17:10 | 11.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" ყოფილი მწვრთნელი: "ნაპოლი" კვარას გარეშე სკუდეტოსთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან ძალას დაკარგავს"

მილანის „ინტერის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „ნაპოლი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კვარას გაშვებით გარკვეულ ძალას დაკარგავს.

„ყოველთვის ცუდად ვგრძნობ თავს, როცა კვარაცხელიასნაირი ჩემპიონი ჩვენი ჩემპიონატიდან მიდის, რადგან რომანტიკული ფეხბურთი მომწონს, რომელიც ალბათ აღარ არსებობს. ქართველი „ნაპოლის“ საჩემპიონო სეზონის მთავარი გმირი იყო, მაგრამ მესმის, რომ არსებობს ეკონომიკური მიზეზებიც. დღევანდელი ფეხბურთი ბევრ ინტერესს აერთიანებს. „ნაპოლიმ“ ოსიმენის და კვარას სახით ორი ჩემპიონი იპოვა, განსაკუთრებით - ქართველი, მაგრამ როდესაც არის დიდი თანხის გამომუშავების შანსი ისეთი კლუბისგან, როგორიც „პარი სენ-ჟერმენია“ წინააღმდეგობის გაწევა თითქმის შეუძლებელია.

სკუდეტოს ის გუნდი მოიგებს, რომელიც ყველაზე სტაბილური იქნება, „ნაპოლი“ სტაბილურია, მაგრამ კვარას გაყიდვამ შეიძლება საჩემპიონო რბოლაზე გავლენა იქონიოს, კონტე აქამდე სამ გარემარბს იყენებდა როტაციაში, მაგრამ კვარას თუ გაუშვებენ, მწვრთნელს ერთით ნაკლები მაღალი დონის ვარიანტი ექნება.

ცხადია, რომ „ნაპოლი“ კვარას გარეშე სკუდეტოსთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან ძალას კარგავს. იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის შუა ნაწილია, იმ ვარიანტებიდან, რომლებიც დასახელდა, კვარას საუკეთესო შემცვლელი ალბათ „ბოლონიას“ ფეხბურთელი ნდოიე იქნება, რომელიც სერია A-ს იცობს, ამ პოზიციაზე კარგად თამაშობს. თუმცა, არცერთი ალტერნატივა არ არის კვარაცხელიას დონის, რომელიც სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“, - თქვა სტრამაჩონიმ.

0.1154