ფეხბურთი

22:13 | 10.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძე: "თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ახლა თამაშიდან თამაშამდე განვითარებას ვცდილობ"

„ემპოლის“ და საქართველოს ნაკრების მცველმა საბა გოგლიჩიძემ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც საკუთარ კარიერასა და მიმდინარე სეზონზე ისაუბრა.

- ვენეციაში ქულით კმაყოფილები ხართ თუ იმედგაცრუება არსებობს, რომ ვერ მოიგეთ?

- რთული მატჩი იყო, სტუმრად. ზედიზედ სამი მატჩი გვქონდა წაგებული და ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა. დასანანია იმ კუთხით, რომ 3 ქულის მოპოვება შეგვეძლო.

- 20 ქულა პირველ წრეში. გზა გრძელია, მაგრამ შუა გზაზე ხართ...

- ეს არ არის ცუდი მონაგარი, მაგრამ მეტიც შეგვეძლო. მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლდნენ და ზოგჯერ არ გაგვიმართლა. პირველი წრით კმაყოფილები ვართ, ასე უნდა გავაგრძელოთ და მწვრთნელის რჩევები გავითვალისწინოთ.

- „ემპოლიში“ გატარებული ერთი წლის შემდეგ, როგორია თქვენი შეფასება პირად დონეზე?

- თავიდან ადვილი არ იყო, სხვა ქვეყანაში ცხოვრება და ენაც არ ვიცოდი. საბედნიეროდ, ნამდვილ ოჯახში მოვხვდი, როგორიც „ემპოლია“, აქ ბედნიერი ვარ. პირველ მატჩში ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ყველა ჩემი თანაგუნდელი დამეხმარა. დიდი წნეხი მომეხსნა და ახლა თავს კარგად ვგრძნობ.

- მწვრთნელმა ნდობა გამოგიცხადათ და თქვა, რომ თქვენ ვეტერანისთვის დამახასიათებელი მატჩებით უპასუხეთ...

- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობას ვუხდი მწვრთნელს ნდობისთვის. ამას ყველასგან ვგრძნობდი პირველივე თამაშიდან, ეს მაძლევს თვითდაჯერებას, რომ თამაშიდან თამაშამდე გავიზარდო. ვმუშაობ, რომ ასე გავაგრძელო.

- როგორია თქვენი ურთიერთობა მწვრთნელთან და რა ითხოვს ის თქვენგან?

- ყოველ თამაშში მწვრთნელი სხვადასხვა რამეს მთხოვს, რაც ნორმალურია, რადგან ყველა თამაში ერთმანეთისგან განსხვავდება. ეს მეხმარება ზრდაში. თამაშიდან თამაშამდე ვცდილობ გავაკეთო ის, რასაც მწვრთნელი მთხოვს.

- სეზონში ერთადერთი შეცდომა ალბათ „ინტერთან“ გაძევება და „ჯენოასთან“ შეცდომა იყო...

- შეცდომები გაუმჯობესებაში გეხმარება. რაც სამწუხაროა, ისაა, რომ ჩემმა შეცდომამ შეიძლება გუნდს ზიანი მიაყენოს.

- ვინ იყო აქამდე ყველაზე რთული მეტოქეები?

- კვარაცხელია და ლეაუ, ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელები არიან.

- წინ „ლეჩესთან“ მატჩია. პირველ შეხვედრაში გაგიჭირდათ, რომელიც 1:1 დასრულდა...

- პირველ მატჩში ვიგებდით და თითქოს, მოგება შეგვეძლო. საბოლოოდ, მაინც მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. ამჯერად სახლში ვთამაშობთ, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვეცდებით მოგებას, რადგან ეს მნიშვნელოვანია.

- როგორ შეაფასებთ იტალიის ჩემპიონატს და რაში შეგიძლიათ უფრო მეტად მომატება...

- სერია A ძალიან რთული ჩემპიონატია, არის ლიგები, სადაც ფიზიკურად ძლიერი უნდა და ტაქტიკურადაც. მომწონს სერია A, აქ ძალიან ვიზრდები.

- ნაკრებში დებიუტი გქონდათ. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საქართველოს ნაკრები?

- ქართველები შეყვარებული ვართ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებში თამაში.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 16 მატჩი ჩაატარა.

0.122276