საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „სალერნიტანაში“ გააგრძელებს.
ქართველი ფეხბურთელი სალერნოში დღეს ჩავიდა, სადაც ახალ გუნდს შეუერთდა. ლუკა სალერნოელთა ღირსებას სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს და კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
ლოჩოშვილმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარიც გააკეთა:
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ამ მაისურისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მოედანზე შევხვდებით. დიახ, სათამაშოდ მზად ვარ“, - აღნიშნა 26 წლის ფეხბურთელმა.
ლუკა ლოჩოშვილმა „კრემონეზე“ სათამაშო დროის არქონის გამო დატოვა, სადაც სეზონის პირველ ნახევარში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა. ის კრემონელთა რიგებში 2022 წლიდან ირიცხებოდა და 61 შეხვედრაში 1 გოლით გამოირჩა.
„სალერნიტანა“ ბოლო სამი სეზონი სერია A-ში თამაშობდა, მაგრამ შარშან სერია B-ში დაქვეითდა, სადაც ძალიან მძიმე სეზონი აქვს და 20 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-18 ადგილზე, გასავარდნ ზონაშია.
რობერტო ბრედას გუნდი 12 იანვარს, „სასუოლოს“ უმასპინძლებს და ლოჩოშვილის დებიუტიც შეიძლება ამ შეხვედრაში შედგეს.