„ბარსელონას" ფეხბურთელმა ლამინ იამალმა განაცხადა, რომ მას ყველა ტიტულის მოგება სურს მიმდინარე სეზონის ბოლომდე. ახალგაზრდა ესპანელმა კატალონიელთა მთავარ მწვრთნელზე, ჰანსი ფლიკზეც ისაუბრა.
„მართალია, ჰანსი განსხვავებული მწვრთნელია, რომელსაც თამაშის სრულიად განსხვავებული სტილი აქვს. ჩვენ ვცდილობთ მის მოთხოვნებს მოვერგოთ და ვფიქრობ, გამოგვდის. წლეულს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ესპანეთის სუპერთასიდან დაწყებული ყველა ტიტული მოვიგოთ“, - ციტირებს იამალის სიტყვებს Football España.
მიმდინარე სეზონში იამალმა ყველა ტურნირზე 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.