„მილანმა“ 2025 წელი ტიტულით დაიწყო და იტალიის სუპერთასი მოიგო. შესანიშნავი სტარტი აქვს სერჟიო კონსეისაოსაც, რომელსაც ორი მატჩი ეყო, რათა „მილანში“ პირველი ტიტული მოეპოვებინა.
იტალიის სუპერთასის ფინალში „მილანი“ „ინტერს“ შეხვდა, წყვილში აუტსაიდერის სტატუსით, მაგრამ მეტოქე 3:2 დაამარცხა, თანაც, როგორ - 0:2-ს აგებდა!
პირველი ტაიმის მიწურულს ლაუტარო მარტინესმა გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მეჰდი ტარემიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. გუნდების ფორმიდან გამომდინარე, ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, „ინტერი“ 2:0-ს იგებდა და მიმდინარე სეზონიც ბევრად უკეთესი აქვს. თუმცა, ამის შემდეგ „როსონერი“ შეუჩერებელი გახდა. 52-ე წუთზე ტეო ერნანდესმა შეამცირა სხვაობა, ხოლო მე-80 წუთზე კრისტიან პულიშიჩმა წონასწორობა აღადგინა.
ეს ყველაფერი არ ყოფილა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ტამი აბრაჰამმა გამარჯვების გოლი გაიტანა!
ვთქვათ, რომ „მილანმა“ ნახევარფინალშიც ქამბექით მოიგო „იუვენტუსთან“, რომელთანაც მარცხდებოდა, მაგრამ 2:1 გაიმარჯვა.
„მილანმა“ იტალიის სუპერთასი ისტორიაში მერვედ მოიგო და „ინტერს“ გაუტოლდა ამ ტიტულის რაოდენობით, წინ მხოლოდ „იუვენტუსია“, რომელსაც სუპერთასი 9-ჯერ აქვს მოგებული.