ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ადილ რამი მიიჩნევს, რომ გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ტოპ კლუბებში თამაში შეუძლია. ამიტომაც, მან ქართველი ფორვარდის შეძენა „პარი სენ-ჟერმენს“ ურჩია.
„ვამბობ, რომ ის ევროპის საუკეთესო ათეულის გუნდების დონის ფეხბურთელია. ვაჭარბებ? ასე არ ვფიქრობ, „პარი სენ-ჟერმენმა“ უნდა იყიდოს, მხოლოდ 24-25 წლისაა, ნამდვილი 9 ნომერია. ისეთ დიდ გუნდში წავა, როგორებიც „ბარსა“ და „რეალია“, სადაც პასებით მოამარაგებენ და ის ყველაფერს გაანადგურებს.
2-3 წელიწადში თუ დიდ გუნდში ითამაშებს, რას მეტყვით? მეტყვით, რომ ადილ გენიოსი ყოფილხარ. „ლიონში“ შესანიშნავი პროგრესი აქვს და პსჟ-ში თამაში შეუძლია“, - აღნიშნა რამიმ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენს“ გოლი გაუტანა. მას მთლიანობაში „ლიონის“ მაისურით 22 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი.