გერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი „ჰაიდენჰაიმში“ ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერს გამოეხმაურა.
ბუდუმ გერმანულ გუნდში ტიმ კლაინდეინსტის წასვლით გაჩენილი სიცარიელე უნდა შეავსოს და ის სათამაშო თვისებებით ნიკლას ფიულკრუგსაც შეადარეს.
„ტიმ კლაინდიენსტის წასვლის შემდეგ „ჰაიდენჰაიმში“ თავდამსხმელის პოზიციაზე მცირე ხარვეზი გაჩნდა. რეგულარულად გოლებს ვერავინ იტანს, რაც სატურნირო ცხრილშიც ისახება, მაგრამ ახლა სიტუაცია უნდა შეიცვალოს, II ბუნდესლიგის ბომბარდირის ბუდუ ზივზივაძის შეძენით. „ჰაიდენჰაიმი“ შეიძლება კმაყოფილი იყოს კონფერენსლიგაზე თავისი პოზიციით, მაგრამ ბუნდესლიგაში სიტუაცია კრიტიკულია: 10 ქულა 15 მატჩში და გასავარდნი ზონა. გუნდმა აქამდე 18 გოლი გაიტანა, ოთხით ნაკლები, ვიდრე გასულ სეზონში ამავე პერიოდისთვის ჰქონდა. აქამდე გოლები სხვადასხვა ფეხბურთელზე განაწილდა, მაგრამ კლასიკური 9 ნომერი, რომელსაც კლუბი ყველა მატჩში დაეყრდნობოდა, მას შემდეგ აკლდა, რაც ტიმ კლაინდიენსტი „გლადბახში“ წავიდა.
ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შედგა. „კარლსრუეში“ მან მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და II ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია. მას ზუსტად ის მოაქვს, რაც „ჰაიდენჰაიმს“ სჭირდება: გოლები რეგულარულად გააქვს. მის შესაძლებლობებში დასარწმუნებლად მაგალითად, შეგიძლიათ აიღოთ „ნიურნბერგთან“ მატჩი, როცა „კარლსრუეს“ პირადად მოაგებინა. "ჰაიდენჰაიმის" ახალმა ფეხბურთელმა შმიდტის გუნდში თავისი როლი იცის: „ახლა მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაში და მოუთმენლად ველოდები, როდის განახლდება სეზონი“.
„ჰაიდენჰაიმს“ 6 ქულა აშორებს სამშვიდობო ზონას. ისინი ამჟამად 4 ქულით ჩამორჩებიან „ჰოფენჰაიმს“ და „ზანკტ პაულის“, თუმცა, კლუბში სჯერათ, რომ ეს ტრანსფერი შეტევას გააძლიერებს: „მას შეუძლია დაუყოვნებლივ დაეხმაროს ჩვენს გუნდს ბუნდესლიგაში დარჩენაში და ძალიან ბედნიერი ვართ, რომ მან ჩვენ აგვირჩია“, - თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოლგერ სანვალდიმ.
ის ჰგავს ფიულკრუგს: ბუდუ ზივზივაძე და გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრი ნიკლას ფიულკრუგი გამოირჩევიან ფიზიკურად და თამაშის ალღოთი, რის გამოც გოლების გატანას ახერხებენ. ფიულკრუგის მსგავსად ზივზივაძესაც შეუძლია გუნდურად თამაში, მაგრამ ამასთანავე, მომაკვდინებელი არიან საჯარიმოში. ორივე კარგად არჩევს პოზიციას და შეუძლიათ ნახევარი შანსიც გამოიყენონ.
შედარება ტიმ კლაინდეინსტთან
25 გოლი II ბუნდესლიგაში, 12 გოლი ბუნდესლიგაში: სეზონის წინ “ჰაიდენჰაიმმა“ ტიმ კლაინდიენსტის წასვლით ბევრი გოლი დაკარგა. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კლუბმა ის მარტივად ვერ შეცვალა და ახალ თავდამსხმელს ეძებს. შესაძლოა, ბუდუ ზივზივაძის სახით, ახლა უკვე, შემცვლელი იპოვეს. კლაინდიენსტი ცნობილია არა მხოლოდ გოლებით, არამედ ის მოედანზე სხვებზე ბევრს მუშაობს: 421 მოგებული ბრძოლით ლიგაში საუკეთესოა, ხოლო მეორე ბუნდესლიგაში ზივზივაძეს ამ ასპექტში ვერავინ სჯობდა: 447 მოგებული დუელი. კლაინდიენსტის მსგავსად ზივზივაძეც პრესინგზე ძალიან ძლიერია. თუმცა, ყველაფერში მსგავსი ფორვარდები არ არიან. კლაინდიენსტმა გასულ სეზონში „ჰაიდენჰაიმში“ თავით 3 გოლი გაიტანა, 6 - მარცხენა ფეხით და 3 - მარჯვენა ფეხით.
ზივზივაძემ II ბუნდესლიგაში თავით 3 გოლი გაიტანა, მარცხენა ფეხით 9 და მარჯვენა ფეხით - 13. თავით თამაშში ის ნაკლებად ძლიერია, მაგრამ ძალიან თავდაჯერებულია საჯარიმოში. ეს შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ "ჰაიდენჰაიმის" ახალწვეული უფრო დაბალია - 1.89, ვიდრე ყოფილი ფორვარდი - 1.94. მიუხედავად იმისა, რომ გოლების გატანა ძალიან მოსწონს, მიმდინარე სეზონში ზივზივაძემ 3 საგოლე პასი მეორე ბუნდესლიგაში გააკეთა, ხოლო კლაინდიენსტმა მიმდინარე სეზონში 4 საგოლე პასი მიითვალა, ასე რომ, მას გუნდისთვისაც თამაში შეუძლია“, - წერს ბუნდესლიგის ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში სულ მეორე სეზონს ატარებს, გასული სეზონი წარმატებული ჰქონდა, კონფერენს ლიგის საგზურიც კი მოიპოვა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ყველაფერი რთულადაა, 15 ტურის შემდეგ 10 ქულით მხოლოდ მე-16 ადგილზეა, პლეი-აუტის ზონაში და გავარდნის რეალური კანდიდატია. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ შმიდტია. „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგის ბოლო 7 მატჩი წააგო, ბოლო 10 ტურში კი, ერთადერთი ქულა მოიპოვა, უახლოეს შეხვედრას 11 იანვარს, „უნიონ ბერლინთან“ გამართავს. კონფერენს ლიგაზე გერმანულმა კლუბმა პირველი ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში, ორრაუნდიან ბრძოლაში თებერვალში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენს“ შეხვდება.
ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობდა და 61 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ქართველმა „ჰაიდენჰაიმთან“ 4.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.