„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს ასისტენტმა კრისტიან სტელინიმ „ფიორენტინასთან“ მატჩის (3:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ეს გამარჯვება გუნდს დიდ ენერგიას აძლევს, მაგრამ გზა გრძელია, რომელიც დაბრკოლებებით სავსეა:
„ძალიან ბედნიერები ვართ გამარჯვებით, მაგრამ დღეს მტკივნეული დარტყმა მივიღეთ, რადგან „ნაპოლისთვის“ ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგეთ. ბავშვი, რომელიც ავად იყო და რომლის გახარებას ვცდილობდით, ის დიდ ძალას გვაძლევდა. მწვრთნელს არ სურდა მედიასთან საუბარი ამის გამო, მის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ.
44 ქულა გვაქვს, რაც სეზონის წინ წარმოუდგენელი იყო. ეს გამარჯვება დიდ ენერგიას გვაძლევს, ბიჭებმა უნდა იამაყონ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რომელიც დაბრკოლებებით სავსეა, ამიტომ, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.
რა განსხვავებაა გასულ სეზონთან შედარებით? შედარებას არ ვაკეთებთ, მაგრამ გვჯეროდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაშენებდით. ეს ბიჭების დამსახურებაა, რომლებიც პირველივე დღიდან ჩვენს განკარგულებაში არიან, ბიჭები მოგვყვებიან, რაც ამჯერადაც დაამტკიცეს“, - აღნიშნა სტელინიმ.
„ნაპოლიმ“ პირველი წრე 44 ქულით დაასრულა და ლიდერია, მომდევნო ტურში კი, 12 იანვარს, „ვერონას“ უმასპინძლებს, რომელთანაც რევანში აქვს ასაღები, რადგან პირველ ტურში სწორედ ვერონაში 0:3 განადგურდა. თუმცა, მას შემდეგ კონტემ „ნაპოლი“ სრულად გარდაქმნა.