„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „მილანთან“ წაგების (1:2) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მეტოქეს აჯობეს და მარცხს არ იმსახურებდნენ, მაგრამ გუნდმა ვერ მოახერხა თამაშის მოკვლა, როცა ანგარიშში წინ იყო.
„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნებით. თამაში ვერ მოვკალით, „მილანმა“ ერთი მომენტი შექმნა, მაგრამ ორი გოლი გავუშვით. არ შეიძლება ორი გოლი გავუშვათ თამაშში, როცა მეტოქეს ასე ცოტა მომენტი აქვს. ვლაჰოვიჩის და მბანგულას შეცვლა? ყველა არჩევანს გუნდის სასარგებლოდ ვაკეთებ, შემდეგ თქვენი შესაფასებელია, სწორად მოვიქეცი თუ არა.
სამწუხაროა, რომ წავაგეთ, რადგან ჩემი აზრით, დღეს „მილანის“ დამარცხების დიდი შანსი გვქონდა და ფინალში გასვლა შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ხასიათის მხრივ უნდა გავაუმჯობესოთ, პირველივე უარყოფითი ეპიზოდის შემდეგ ვერ ვახერხებთ რეაგირებას, თამაში 70-ე წუთამდე ჩვენს ხელში იყო. „მილანზე“ უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ მათ ძალიან მცირე შანსი გამოიყენეს და გაიმარჯვეს, ჩვენი რეაქცია კი, კარგი არ იყო“, - თქვა მოტამ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერთასის ფინალში „მილანი“ „ინტერს“ 6 იანვარს დაუპირისპირდება.