ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუედან“ „ჰაიდენჰაიმში“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, სურდა ამ შანსის გამოყენება და ბუნდესლიგაში თამაში, ამიტომაც, ამ ვარიანტზე უარი ვერ თქვა:
„ჰაიდენჰაიმის“ ხელმძღვანელობამ დიდი ძალისხმევა გაიღო ჩემს გადასაბირებლად. მსურდა, ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და ბუნდესლიგაში მეთამაშა. ახლა მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ კლუბი ბუნდესლიგაში დარჩეს და მოუთმენლად ველოდები, როდის განახლდება სეზონი“, - თქვა ბუდუმ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ.
გარდა ამისა, ზივზივაძემ „კარლსრუეს“ ფანებს მიმართა და კლუბს დაემშვიდობა:
„პირველ რიგში, გილოცავთ ახალ წელს, მაგრამ ცუდი ამბებიც ხდება. "კარლსრუეში" გატარებული ორი წლის შემდეგ გადავწყვიტე კლუბის დატოვება, ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ ფეხბურთი და ცხოვრება ასეთია. ყოველთვის მემახსოვრება „კარლსრუე“, ჩემს გულში იქნება, მადლობა ყველაფრისთვის, თქვენი მხარდაჭერისთვის და „კარლსრუეს“ მომავალში წარმატებებს ვუსურვებ და კლუბის გულშემატკივრად დავრჩები“, - აღნიშნა ქართველმა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობდა და 61 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ქართველმა „ჰაიდენჰაიმთან“ 4.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.