„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „მონპელიესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, სატრანსფერო ჭორებს ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ „ლიონზეა“ კონცენტრირებული.
„ვცდილობ, ვარჯიშებზე კარგად ვიმუშაო და ცოტა მეტი დრო დავუთმო ფინიშინგს. ჩემი თავისთვის მიზნები არ დამისახავს, სეზონის ბოლოს გავაკეთებ შეფასებას. უბრალოდ, ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო და ყველა მატჩში გადამწყვეტი ვიყო. სეზონის დასაწყისში გოლები ვერ გამქონდა, მაგრამ გოლები ჩემი მთავარი მიზანია და ახლა ამ მხრივ, სიტუაცია სულ უფრო და უფრო უკეთესდება.
ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობ და ეს საშუალებას მაძლევს გამოვასწორო გარკვეული ასპექტები და გავაუმჯობესო ის, რაშიც მომატება მჭირდება. პაუზაზე გამოვიყენეთ შესაძლებლობა და დრო გავატარეთ ოჯახთან ერთად. მცირე პროგრამა გვქონდა შედგენილი, თუ როგორ უნდა გვევარჯიშა, რომ ფორმა შეგვენარჩუნებინა. ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა და ევროპა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლა.
„მონპელიესთან“ თამაში? ლიგა 1-ში თამაში ძალიან რთულია, ყველა მეტოქის მიმართა სიფრთხილე უნდა გამოიჩინო და არც ერთი მეტოქე სუსტი არაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც საჭიროა 3 ქულის მოსაპოვებლად.
ტრანსფერი? გუნდში ახალი მოსული ვარ, სულ რაღაც 6 თვის. მხოლოდ „ლიონზე“ და მომდევნო მატჩზე ვარ ორიენტირებული. არ ვაქცევ ყურადღებას, რაზეც მედიაში საუბრობენ. ასეთია სატრანსფერო ფანჯარა, ამაზე არ უნდა ინერვიულო“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.