ჭიდაობა

17:35 | 31.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული და ემოციების წელი: როგორი იყო სპორტული 2024

2024 წელი საქართველოს სპორტულ ისტორიაში სამუდამოდ გამორჩეულ თარიღს დაიკავებს.

ეს იყო წელი, რომლის განმავლობაში ქართულ სპორტს არნახული და დაუვიწყარი წარმატებები ჰქონდა. ევროპის ჩემპიონატიდან ოლიმპიადამდე, ისტორიული გამარჯვებებიდან ოქროს მედლებამდე.

2024 წლის 26 მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიას ოქროს ასოებით შემორჩება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ იმ დღეს მოახერხა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვებით. და, შემდეგ, ივნისში უკვე იყო ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში, სადაც საქართველომ ყველა აალაპარაკა და თავი ყველას გააცნო.

ვილი სანიოლის გუნდმა ფინალურ ტურნირზე ჯერ ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა თურქეთთან, შემდეგ პირველი ქულა მოიპოვა ჩეხეთთან, ხოლო შემდეგ პირველი გამარჯვებაც იზეიმა პორტუგალიასთან და ჯგუფიდან გასვლაც მოახერხა, სადაც მერვედფინალში უკვე მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები სამშობლოში გულშემატკივრის თვალში ჩემპიონები დაბრუნდნენ და თბილისში დამსახურებული დახვედრაც მიიღეს. საქართველოს ნაკრებმა 2024 წელს ერთა ლიგაშიც ითამაშა, სადაც B დივიზიონის საწყისი ორი მატჩი მოიგო, თუმცა, შემდეგ ეს სვლა ვეღარ გააგრძელა და ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა.

2024 წელი ისტორიული იყო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვისაც, რომელმაც პირველად მოახერხა შესარჩევი ეტაპის დაძლევა და ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირება შესარჩევი ციკლის გადალახვით. რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში მხოლოდ ნიდერლანდებს ჩამორჩა, ხოლო შემდეგ პლეი-ოფში ხორვატიის 21-წლამდე ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. 19 ნოემბერიც, ქართული ფეხბურთის მატიანეში უკვე გამორჩეული თარიღია. სიმბოლურია, რომ როგორც ეროვნულმა, ისე ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა პენალტების სერიაში გამარჯვებით მოახერხა, ორივე შეხვედრას თავისი გმირი ჰყავდა - გიორგი მამარდაშვილი და ლუკა ხარატიშვილი. ზოგადად, ქართველ ფეხბურთელებს წარმატებული წელი ჰქონდათ თავიანთ კლუბებში, სადაც არაერთხელ მოახერხეს თავის გამოჩენა.

საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატს და ზეიმს, ოლიმპიადა მოჰყვა. პარიზში 28 ქართველი ათლეტი გამოვიდა, საიდანაც შვიდმა მედალი მოიპოვა. ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და კიდევ ერთხელ დაწერა ისტორია, გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს იმედგაცრუება დიდ სიხარულში გადაზარდა და პარიზში ოქროს მედალი არავის დაუთმო, ხოლო ლაშა ბექაურმა ზედიზედ მეორედ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონობა და პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ეს გააკეთა.

ბექაურმა 31 ივლისს, ოლიმპიადის ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა, შესანიშნავ სტილში, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მარცხდებოდა, შემდეგ ზედიზედ ორჯერ მოახერხა მეტოქისთვის ილეთის გაკეთება და ისტორიაში შევიდა.

გენო პეტრიაშვილმა 10 აგვისტოს მოახერხა მთავარი მიზნის მიღწევა, როცა ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე ძალიან დრამატულ ბრძოლაში 10:9 დაამარცხა. გენომ გულშემატკივარი ისე ანერვიულა, მაგრამ ტოკიოსგან განსხვავებით ამჯერად კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა.

2024 წლის 10 აგვისტო კიდევ ერთი ისტორიული თარიღია ქართული სპორტის ისტორიაში, რადგან ამ დღეს ორი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავდა. პეტრიაშვილის ოქროდან სულ რამდენიმე წუთში ჩემპიონობა ლაშა ტალახაძემაც იზეიმა, რომელმაც ორჭიდში 470 კილოგრამი დააფიქსირა და კონკურენტებს კიდევ ერთხელ შანსი არ დაუტოვა.

ოქროს მედლამდე სულ ცოტა დააკლდათ გივი მაჭარაშვილს, ტატო გრიგალაშვილსა და ილია სულამანიძეს, რომლებმაც ფინალში განიცადეს მარცხი და ვერცხლის მედალს დასჯერდნენ. კრივში, ისტორია დაწერა ლაშა გურულმა და ბრინჯაო მოიპოვა. საბოლოო ჯამში, საქართველომ პარიზში 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც რაოდენობრივად არა, მაგრამ ხარისხობრივად ჩვენი ქვეყნისთვის ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებლობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

საქართველომ 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით მონაწილე 206 ქვეყანას შორის ოლიმპიადაზე 24-ე ადგილი დაიკავა, რაც შესანიშნავი შედეგია.

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ ესტაფეტა პარალიმპიადამ გადაიბარა, სადაც საქართველომ ასევე ისტორიული და საოცარი შედეგი აჩვენა. ქართველ პარალიმპიელთა ნაკრები ოლიმპიადაზე სულ 14 სპორტსმენით წარსდგა, საიდანაც ცხრამ მედალი მოიპოვა.

მანამდე საქართველოს პარალიმპურ თამაშებზე ჯამში სულ რაღაც 4 მედალი ჰქონდა, ამჯერად კი, კვარცხლბეკზე ერთბაშად 9 პარასპორტსმენი ავიდა. ბირთვის კვრაში ოლიმპიური ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძე გახდა. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა გიორგი ქალდანმა, რევაზ ჩიკოიძემ, ზურაბ ზურაბიანმა და სროლაში ლადო ჭინჭარაულმა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ძიუდოში ინა ქალდანმა, ტაეკვანდოში ანა ჯაფარიძემ, ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა და პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძემ მოიპოვეს.

1 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით საქართველოს პარალიმპიელთა ნაკრები ოლიმპიადაზე 51-ე ადგილზე გავიდა.

2024 წელს ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატიც გაიმართა, სადაც გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი, ქართველი ძიუდოისტების მონაგარი 4 მედალი იყო. გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ, გურამ თუშიშვილმა ვერცხლი, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა.

კიდევ უფრო შედეგიანი და წარმატებული გამოდგა ევროპის ჩემპიონატი, სადაც გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ინდივიდუალურ პირველობაში კი, ჯამში ქართველებმა 7 მედალი მოიპოვეს, რაც ძალიან კარგი შედეგია.

ევროპის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა ბექაურმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

გარდა ამისა, ძიუდოში არაერთი მედალი იყო საერთაშორისო ტურნირებზე, გრან სლემებსა და გრან პრის შეჯიბრებებში, სხვადასხვა ასაკობრივ მსოფლიოს ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონატებზე.

ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი 2024 წელს მხოლოდ არაოლიმპიურ წონებში ჩატარდა. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში პირველად ავთანდილ კენჭაძემ მოიპოვა, რომელმაც 79 კგ წონით კატეგორიაში მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა არაოლიმპიურ წონებში მსოფლიოს ჩემპიონატი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რომლებიც ოთარ აბულაძისა და გელა ბოლქვაძის აქტივშია.

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მოპოვება შეძლო. ევროპის ჩემპიონის ტიტულს გივი მაჭარაშვილი დაეუფლა, ვერცხლის მედლები გენო პეტრიაშვილმა და აკაკი ქემერტელიძე, ხოლო ბრინჯაო მირიან მაისურაძემ, რობერტო დინგაშვილმა და ავთანდილ კენჭაძემ. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი, კონტინენტის პირველობაზე მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომლებიც გელა ბოლქვაძისა და იური ლომაძის აქტივშია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება კონსტანტინე პეტრიაშვილს უკავშირდება, რომელიც გენო პეტრიაშვილის ძმაა.

კონსტანტინემ 17-წლამდელთა შორის მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, თანაც ძალიან შთამბეჭდავი ჭიდაობით და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალიან ნიჭიერი მოჭიდავეა, რომელიც მომავალში საქართველოს დროშას საერთაშორისო არენებზე არაერთხელ ააფრიალებს. გარდა ამისა, 17-წლამდელებში ვერცხლის მედალი ნიკოლოზ მაისურაძემ მოიპოვა, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შედეგი 1 ვერცხლის, და 2 ბრინჯაოს მედალი იყო.

გარდა ამისა, ჭიდაობის სახეობებში საქართველომ 2024 წელს, სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებზეც არაერთი მედალი მოიპოვა.

2024 წელს, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმაც, რომელსაც ასევე გერმანიამ უმასპინძლა.

იანვარში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი გუნდი ნიდერლანდებსა და შვედეთთან დამარცხდა, მაგრამ ბოლო ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები 22:19 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტისთვის ეს შედეგიც კარგი იყო.

2024 წელი დაუვიწყარი იყო შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლებისთვის. სწორედ ამ წელს საქართველოს UFC-ის ორი ჩემპიონი გაუხდა.

15 სექტემბერს, სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი გახდა, რომელმაც შონ ომალი დაამარცხა და ქამარი დამსახურებულად მოიპოვა. მერაბმა ომალი ყველა რაუნდში დაჯაბნა და მსაჯებმა მას გამარჯვება ერთსულოვნად მიანიჭეს.

პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ს საჩემპიონო ქამარი მოიპოვა ილია თოფურიაა, რომელმაც თებერვალში ქამრისთვის შეხვედრაში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხება მოახერხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ილიამ ვოლკანოვსკი, რომელსაც ქამარი ხუთჯერ ჰქონდა მოგებული, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

ილია მიღწეულზე არ გაჩერდა, თავისივე დაწერილი ისტორია 27 ოქტომბერს, ხელმეორედ დაწერა.

მან ქამრის შენარჩუნება მოახერხა და ამჯერად სატიტულე შეხვედრაში შანსი მაქს ჰოლოვეი დაამარცხა. ილიამ მეტოქე მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.

ოლია თოფურია და მერაბ დვალიშვილი UFC-ს ქართველი ჩემპიონები და დაუმარცხებელი მებრძოლები არიან.

2024 წელი მნიშვნელოვანი იყო ქართული რაგბის განვითარებისთვისაც. ეროვნულმა ნაკრებში სულ 11 მატჩი გამართა კალენდარული წლის განმავლობაში, საიდანაც 7 გამარჯვება მოიპოვა.

ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მეშვიდედ მოახერხა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება, სადაც კვლავ უკონკურენტოა და მეტოქეებს ერთი თავით აღემატება. გარდა ამისა, რიჩარდ კოკერილის გუნდმა მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩები გამართა ტიერ 1-ის წარმომადგენლებთან, რომელთა შორის გამოსარჩევია 13 ივლისს იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვება ანგარიშით 25:23. საქართველო ასევე გაეჯიბრა ავსტრალიის და იტალიის ნაკრებებს, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაში მარცხი განიცადა, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბორჯღალოსნებმა 2024 წელი მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-12 ადგილზე დაასრულეს.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც სამი თამაში მოიგო და მეცხრე ადგილი დაიკავა, რითაც ტურნირზე ადგილი შეინარჩუნა და მსოფლიოს ჩემპიონატზე 2025 წელსაც მიიღებს მონაწილეობას. ლადო კილასონიას გუნდმა აღნიშნულ ტურნირზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშა და მეორედ შეძლო ხუთიდან სამი თამაშის მოგება, რაც შესანიშნავი შედეგია. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვეს ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგ, რაც ასევე გამორჩეული შედეგი იყო.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ, ზედიზედ მეექვსედ მოიგო. ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა ფინალში ესპანეთი 32:11 დაამარცხეს და ტიტული კიდევ ერთხელ შეინარჩუნეს. 18-წლამდელებმა 2024 წელს ექვსი ერის სერიის ფესტივალზე საფრანგეთის დამარცხებაც მოახერხა.

ჩელენჯ თასზე გამოდის ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“, რომელმაც 2024 წლის მიწურულს ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, საფრანგეთის ტოპ 14-ის ბინადარი „ვანი“ 22:19 დაამარცხა და მართლაც ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. გარდა ამისა, „შავმა ლომმა“ 2024 წელს რაგბი ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეხუთე მოიგო, სადაც პორტუგალიური „ლუზიტანუშის“ დამარცხება მოახერხა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2024 წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო გამოსვლა, სადაც ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ სიტუაცია ნოემბერში გამოასწორა, ზედიზედ ორი თამაში მოიგო და კარგი შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს, რომელიც 2025 წელს გაიმართება.

გოგა ბითაძეს ენ ბიეში წლის შესანიშნავი დასასრული გამოუვიდა. ქართველი ცენტრის სათამაშო დრო ორლანდო მეჯიქში მკვეთრად გაიზარდა და მანაც შანსი იდეალურად გამოიყენა, თამაშიდან თამაშამდე ერთ-ერთი საუკეთესოა. თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიას ლიდერია და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ეროვნულ ნაკრებსაც ყოველთვის ეხმარება. ქართული კალათბურთისთვის 2025 წელი უფრო დატვირთული და საინტერესო უნდა გამოდგეს, ვიდრე 2024 წელი იყო.

ფიგურულ ციგურაობაში ძალიან წარმატებული წელი ჰქონდათ ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილს, რომლებმაც არაერთი მედალი მოიპოვეს და ისტორია დაწერეს.

თავდაპირველად, მეტელიკინა-ბერულავას წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად მოხდა.

შემდეგ მათ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზეს შესანიშნავად, სადაც პირველობა არავის დაუთმეს და ოქროს მედალი დაისაკუთრეს. გარდა ამისა, ლუკამ და ანასტასიამ 2024 წელს ტოკიოს გრანდ სლემზე გაიმარჯვეს, ხოლო გრენობლის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატზე ასევე წარმატებით გამოვიდა 2024 წელს ანასტასია გუბანოვა, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

2024 წელს სხვა სპორტული წარმატებებიც იყო, წინ ახალი, 2025 წელი და ახალი გამოწვევებია. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი, UFC-ს ბრძოლები, სარაგბო მატჩები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები ძიუდოსა და ჭიდაობაში, საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატიც...

0.117556