„მილანიდან“ მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
პორტუგალიელი „რომასთან“ მატჩის შემდეგ დაითხოვეს, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. ფონსეკას გათავისუფლების მიზეზი წარუმატებელი შედეგებია, რადგან „მილანი“ სერია A-ში 27 ქულით მხოლოდ მერვე ადგილზეა. „როსონერიმ“ 17 მატჩიდან მხოლოდ 7 მოიგო, 6-ჯერ ფრეს დასჯერდა და 4 მარცხი განიცადა. გუნდს უკეთესი მდგომარეობა აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ექვს ტურში 12 ქულა დააგროვა. ფონსეკა „მილანს“ მიმდინარე წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა.
"მილანის" მწვრთნელი აღარ ვარ, ეს ცხოვრებაა. სინდისი სუფთა მაქვს, რადგან ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო", - თქვა ფონსეკამ იტალიელ ჟურნალისტებთან.
იტალიური მედიის ცნობით, „მილანის“ ახალი მწვრთნელიც პორტუგალიელი იქნება, სერჟიო კონსეისაო, რომელთანაც შეთანხმება უკვე მიღწეულია და გუნდს სეზონის ბოლომდე ჩაიბარებს.
კონსეისაოს დებიუტი 3 იანვარს, იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ შედგება.