ფეხბურთი

1:35 | 30.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო მოტა: "უიღბლობის არ მჯერა, შედეგი ამბობს, რომ მოსაგებად საკმარისი არ გავაკეთეთ"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ „ფიორენტინასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უიღბლობის არ სჯერა და რაც მოხდა, ლოგიკური იყო, რადგან მისმა გუნდმა მოსაგებად საკმარისი არ გააკეთა.

„გამუდმებით ვცდილობდით შეტევას მესამე გოლის გასატანად, თამაშის მოსაკლავად მესამე გოლი გვჭირდებოდა, მაგრამ ვერ შევძელით და მეტოქეს თამაშში დარჩენის შესაძლებლობა მივეცით, როცა ეს ხდება, შეიძლება, რომ გაუშვა, რაც მოხდა კიდეც. პრობლემა დღეს სწორედ ის იყო, რომ მესამე გოლი ვერ გავიტანეთ, თამაში სხვაგვარად უნდა გვემართა.

„ფიორენტინა“ კარგი გუნდია, მაგრამ ბევრჯერ ვერ დაგვირტყა, დღეს მესამე გოლი დაგვაკლდა. მე არ მჯერა უიღბლობის, რაც ხდება, ყველაფერი ლოგიკურად ხდება, თამაში უნდა მოგვეკლა და მეტოქისთვის შანსი არ მიგვეცა, ამიტომ, არ მჯერა უიღბლობის, მაგრამ მჯერა, რომ რაც ხდება, ყველაფერი დამსახურებულად, დღევანდელი შედეგი ამბობს, რომ მოსაგებად საკმარისი არ გავაკეთეთ.

პირველი გოლის შემდეგ თამაში შევწყვიტეთ, შემდეგ რეაქცია კარგი გვქონდა, მეორეც გავიტანეთ და ბევრჯერ ვცადეთ მესამე გოლის გატანა, მაგრამ ვერ შევძელით, თამაში უნდა დაგვეხურა, როგორც ეს „სიტისთან“ გავაკეთეთ ჩემპიონთა ლიგაზე.

სატურნირო ცხრილს ვუყურებ, მაგრამ არაფრის შეცვლა შემიძლია, მე ჩემს საქმეზე ვარ კონცენტრირებული, რაც მოედანზე უნდა გავაკეთოთ. პირველი გაშვებული გოლი? ისეთ სიტუაციაში გავუშვით, საიდანაც გოლი არ უნდა გაგვეშვა, არ შეიძლება ასეთი გოლის მიღება, ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს“, - თქვა მოტამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, მაგრამ 11 ფრე აქვს და 32 ქულით მხოლოდ მეექვსე ადგილზეა, ლიდერებს 9 ქულით ჩამორჩება.

0.130389