ფეხბურთი

23:10 | 29.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისევ ფრე, "იუვენტუსის" უცნაური და ბნელი სეზონი (+VIDEO)

ალბათ, არავის აქვს ისეთი უცნაური სეზონი, როგორიც ტურინის „იუვენტუსს“. „ბიანკონერი“ ვერც იგებს და არც აგებს, ეს უკვე მთელი სეზონია გრძელდება.

სერია A-ში პირველი წრე თითქმის მიილია, „იუვე“ დაუმარცხებელია, მაგრამ უამრავი ფრე აქვს - უკვე 11!

მე-18 ტურში „იუვენტუსმა“ უშუალო კონკურენტ „ფიორენტინას“ უმასპინძლა მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში, უპირატესობას ფლობდა, ბევრი მომენტიც შექმნა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო. ანგარიში ხეფრენ ტურამმა ძალიან ეფექტური გოლით გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს მოიზე კინმა უპასუხა.

მეორე ტაიმის სტარტზე ტურინელებმა მეორეც გაიტანეს, ისევ ტურამმა გამოიჩინა თავი და დუბლი გაიფორმა. ამის შემდეგ არაერთხელ შეეძლოთ მასპინძლებს მესამე გოლის გატანა, თუმცა დავიდ დე ხეამ მაგარი თამაში ჩაატარა. ტიაგო მოტას გუნდს მიჰყავდა საქმე გამარჯვებამდე, მაგრამ 87-ე წუთზე ანდრეა კამბიაზოს უწყინარ სიტუაციაში საჯარიმოსთან ფეხი დაუცდა და რიკარდო სოტილმა გაათანაბრა - 2:2. ეს გოლი და კამბიაზოს შეცდომა „იუვეს“ მიმდინარე სეზონს ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს.

„იუვენტუსი“ 32 ქულით მხოლოდ მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 11 იანვარს, „ტორინოს“ ესტუმრება, მანამდე იტალიის სუპერთასზე საუდის არაბეთში ითამაშებს. „ფიორენტინა“ 32 ქულით მეხუთეა და „იუვენტუსთან“ შედარებით მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ხოლო მომდევნო ტურში „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

პარადოქსია, მაგრამ „იუვე“ სერია A-ში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, მაგრამ მხოლოდ 7 მატჩი მოიგო (11 ფრე), ამიტომაცაა, რომ ლიდერთა დუეტს 9 ქულით ჩამორჩება. ტურინულ გრანდს ჩემპიონთა ლიგასაც თუ მივათვლით, სულ ერთი თამაში აქვს წაგებული ამ სეზონში, კატასტროფულ სეზონში...

„იუვენტუსი“ – „ფიორენტინა“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ტურამი (20), 1:1 კინი (38), 2:1 ტურამი (48), 2:2 სოტილი (87)

0.129527