„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ვენეციასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მას ყოველთვის გამარჯვება სურს და მინიმალურ მიზნებს არ ისახავს, მაგრამ ყველამ იცის, რა არის მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მიზნები.
„მაშინაც კი, თუ ჩემს ქალიშვილთან ერთად კარტს ვითამაშებ, მინდა, მოვიგო. თუმცა, ყველამ ვიცით, რა არის კლუბის მიზნები. პირადად მე ვარ ადამიანი, რომელიც მინიმალურ მიზნებს არ ისახავს, მაგრამ ყველამ ვიცით, საიდან ვიწყებთ. 18 ტურის შემდეგ 41 ქულას არავინ ელოდა.
ვწუხვარ, რომ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ანგარიში 0:0 იყო. დაწყევლილ თამაშს ჰგავდა, პენალტი ვერ გავიტანეთ, ძელიც იყო, არ გამიკვირდებოდა, ბოლოს გოლიც რომ გაგვეშვა, მაგრამ გუნდურად შესანიშნავად ვიმუშავეთ. ეს არის გუნდი, რომელიც იზრდება, თუმცა კარგი იქნება თუ მეტ გოლს გავიტანთ, რადგან სათადარიგო სკამზე ინფარქტს თავიდან ავიცილებთ (იღიმის).
თავდამსხმელებს ვთხოვ, რომ გაუმჯობესდნენ ყოველდღიურად, ისევე, როგორც იგივეს მოვითხოვ ჩემი თავისგან. იანვარი მწვრთნელებისთვის რთული თვეა, მგონია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უნდა გაუქმდეს. 41 ქულა ამ ბიჭების შემადგენლობით დავაგროვეთ და ეს უნდა აღინიშნოს, შემდეგ კი, ბაზარზე თუ ვიმოქმედებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ შემადგენლობას რაოდენობასთან ერთად ხარისხიც შევმატოთ“, - თქვა კონტემ.
„ნაპოლი“ ახალ წელს თანალიდერის პოზიციაზე შეხვდება, რადგან პირველ-მეორე საფეხურს „ატალანტასთან“ ერთად 41 ქულით იყოფს. პირველივე წრის ბოლო შეხვედრას ანტონიო კონტეს გუნდი 4 იანვარს, ფლორენციაში, „ფიორენტინასთან“ გამართავს.