ფეხბურთი

19:55 | 29.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია ძირითადში დაბრუნდა, "ნაპოლიმ" მოიგო და "ატალანტას" დაეწია

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ „ვენეციას“ უმასპინძლა და 2024 წელი მოგებით დაასრულა.

ანტონიო კონტეს გუნდს ძალიან გაუჭირდა ერთ-ერთ აუტსაიდერთან მოგება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. მაგალითად, პირველ ტაიმში რომელუ ლუკაკუმ პენალტი ვერ გაიტანა, შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას კარგი პასი ზამბო ანგისამ ახლო მანძილიდან ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში ლუკაკუმ ბურთი ძელსაც გაარტყა.

ხვიჩა დაუბრუნდა ძირითად შემადგენლობას, ისიც ცდილობდა გოლის გატანას, სამჯერ დაარტყა კარში, მაგრამ ყველა შემთხვევაში მეკარე უპრობლემოდ გაუმკლავდა სიტუაციას. 75-ე წუთზე კვარაცხელიას ნაცვლად თამაშში მატეო პოლიტანო ჩაერთო, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე დაიკავა ადგილი, ხოლო მარცხნივ დავიდ ნერეში გადავიდა, რომელმაც 79-ე წუთზე საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, ბრაზილიელის აქტიურობა გოლით ჯაკომო რასპადორიმ დაასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:0.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„ნაპოლი“ ახალ წელს თანალიდერის პოზიციაზე შეხვდება, რადგან პირველ-მეორე საფეხურს „ატალანტასთან“ ერთად 41 ქულით იყოფს. პირველივე წრის ბოლო შეხვედრას ანტონიო კონტეს გუნდი 4 იანვარს, ფლორენციაში, ფიორენტინასთან გამართავს.

0.12616