BBC-მ „უოტფორდის“ სატრანსფერო გეგმებსა და საჭიროებებზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაცაა.
როგორც ცნობილი გამოცემა აღნიშნავს, გიორგის გაყიდვას ინგლისური კლუბი იანვარში არ აპირებს და მას მხოლოდ ზაფხულში, ისიც სოლიდური ფულის სანაცვლოდ შეელევა.
„ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ საპრიზო აქტივი და ზღაპრული ფეხბურთელია. იქნება რამდენიმე კლუბი, რომელიც ქართველს დააკვირდება და მას საბოლოოდ დიდი თანხის სანაცვლოდ გაყიდიან, მაგრამ „უოტფორდი“ არ აპირებს თავისი ვარსკვლავების გაყიდვას იანვარში, ამიტომ, ეს ზაფხულში უფრო სავარაუდოა. „უოტფორდისთვის“ იანვარში ახალი ფეხბურთელების დამატება შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. თუ ჩაკვეტაძეს შეინარჩუნებენ და 3-4 კარგ ტრანსფერს განახორციელებენ, მაშინ კლუბს უფრო რეალური შანსი ექნება პლეი-ოფში მოსახვედრად. ამჟამად გუნდი ათეულშია და იანვარში კარგი ტრანსფერები მის შანსს ექვსეულში მოსახვედრად გაზრდის“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მას „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.