კალათბურთი

12:15 | 28.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

კავკასიამ გაგრის ამრა დაამარცხა და ცხრილის შუაში აინაცვლა

სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-11 ტური დღეს თბილისში დაიწყო. დაგეგმილი 2 მატჩიდან მხოლოდ ერთი, კსუ-“ამრა” გაიმართა, თბილისის “რაშისა” და “ივერიონის” შეხვედრა კი გორის გუნდის მენეჯერის, დავით დარბაიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო გადაიდო.

შესაბამისად, თბილისი არენაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდისა და გაგრის “ამრას” დაპირისპირება ჩატარდა. ორივე გუნდისთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ორივეს თანაბარი მატჩები და ქულები ჰქონდათ, ცხრილის ქვედა ნაწილშიც გვერდი-გვერდ იყვნენ. ამასთან, რა თქმა უნდა, წელიწადის დახურვა ამრასაც და კსუ-საც მოგებით სურდა.

თავიდან თანაბარი თამაში გაჩაღდა და პირველ პერიოდში ლიდერი 6-ჯერ შეიცვალა. თავდაპირველად უპირატესობა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა, პერიოდის მიწურულს კი კსუ-ს ლიდერობა გამოიკვეთა, რაც გუნდის ცენტრის – გიორგი ტურძილაძისა და მსროლელის, ლევან გოგიჩაიშვილის შედეგიანობას მოჰყვა.

საწყისი მეოთხედი კავკასიელთა 5-ქულიანი ლიდერობით დასრულდა. მეორეში საქმეში შამარ რაითიც ჩაერთო, რომელმაც კსუ-ს შეტევებს მეტი სიმძაფრე მისცა და დიდი შესვენებისთვის ბექა წივწივაძის გაწვრთნილი გუნდის ლიდერობა 8 ქულამდე გაიზარდა. მეორე ტაიმში ამრას სლოვენიელმა მწვრთნელმა, დეიან პროკიჩმა გადაადგილებები მოახდინა, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ კავკასიელთა უპირატესობა გაქარწყლდა და ამრამ ჩამორჩენა მცირედით აღმოფხვრა – ბოლო პერიოდის წინ კსუ 6 ქულით იგებდა.

თამაშის განახლება და გაგრელთა შედეგიანი შეტევების განხორციელება ერთი იყო. ჯერ მალიკ ტიდველმა მიითვალა 2-ქულიანი, შემდეგ კი – ლუკა მაზიაშვილმა და კავკასიელთა ლიდერობიდან მხოლოდ 2 ქულა დარჩა – 65:63. შემდეგ მოხდა ის, რომ კსუ-ს ლეგიონერმა რობ პერიმ ზედიზედ 8 ქულა (2 სამქულიანი და ორიანი) მიითვალა, მისი გუნდის ლიდერობა 10 ქულამდე გაზარდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად აქ გადაწყდა. თამაშის დასრულებამდე საკმარისი დრო იყო, თუმცა დარჩენილ 7 წუთში სტაბილურად მოთამაშე კავკასიელებთან მიახლოება ამრელებმა ვეღარ მოახერხეს და სუპერლიგაში მე-7 მარცხი იწვნიეს.

კავკასიამ საბოლოოდ 92:77 (სტატისტიკა) მოიგო და 4 მოგება-6 მარცხით ცხრილის შუაში გამაგრდა. გამარჯვებულებს 29 ქულითა და 10 მოხსნით შამარ რაითმა ულიდერა. 21 ქულა დააგროვა ლევან გოგიჩაიშვილმა, რობ პერის ანგარიშზე კი 18 დაგროვდა. ამრაში 18 ქულით ბომბარდირი მალიკ ტიდველი გახდა, ლუკა მაზიაშვილმა კი 16 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა მიითვალა.

მე-11 ტურის მორიგი მატჩები 28 დეკემბერს, ტყიბულსა და ქუთაისში გაიმართება. “ორბი” “ბათუმს” მიიღებს, ხოლო “ქუთაისი” ლიდერ თსუ-ს.

GBF.GE

0.121951