ევროლიგის მე-18 ტურში „ბასკონიამ“, სადაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი კამარ ბოლდუინი თამაშობს, „პარიზი“ 94:81 დაამარცხა.
ფრანგები პირველი ტაიმის შემდეგ 16 ქულით იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ესპანურმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვება მოახერხა.
ბოლდუინმა 22 წუთში 8 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. მან 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა. „ბასკონია“ 8 მოგებით და 10 წაგებით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 იანვარს, „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.
„ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და შინ „ლიონ ვილერბანი“ 83:69 დაამარცხა. თორნიკე შენგელიას არ უთამაშია, რომელიც ტრავმირებულია. „ვირტუსი“ 5 მოგებით და 13 წაგებით მე-17 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი 3 იანვარს, „პანათინაიკოსს“ სტუმრად შეხვდება.