„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ტრავმისგან გამოჯანმრთელებასთან ძალიან ახლოსაა.
As-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი დღეს კლუბის ბაზაზე იყო, სადაც ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. თუმცა, 3 იანვარს, მადრიდის „რეალთან“ მისი თამაში თითქმის გამორიცხულია და უფრო მეტად ვარაუდობენ, რომ ის ესპანეთის თასზე, „ელდენსესთან“ შეხვედრაში დაბრუნდება.
„ეჭვგარეშეა, რომ მამარდაშვილი ბოლომდე „ვალენსიას“ ერთგულია, მიუხედავად იმისა, რომ მომავალ ზაფხულს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, „ლივერპულში“ გადავა. ქართველი მეკარე, რომელმაც „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში მარჯვენა ფეხზე დაზიანება მიიღო, გამოჯანმრთელების ბოლო ფაზაშია. დღეს დილით As-ის ჟურნალისტმა ის პატერნას ბაზაზე შეამჩნია.
მამარდაშვილის დაბრუნება „რეალის“ წინააღმდეგ მატჩში (3 იანვარი) ნაკლებად სავარაუდოა და ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნებოდა. უფრო ბუნებრივია, რომ ამ შეხვედრაში დიმიტრიევსკიმ ითამაშოს, მაგრამ 7 იანვარს, ესპანეთის თასზე „ელდენსეს“ წინააღმდეგ კარგი ტესტი იქნება ქართველი მეკარისთვის, რათა შეამოწმოს, არის თუ არა ბოლომდე მზად, იმ დღეს, ზუსტად ერთი თვე გახდება, რაც დაშავდა.
თუმცა, მანამდე მამარდაშვილს ახალი მწვრთნელის, კარლოს კორბერანისა და მეკარეების მწვრთნელის, მარკოს აბადის დავალებით მოუწევს ვარჯიში. ახალ სამწვრთნელო შტაბს ვალენსიაში უახლოეს საათებში ელოდებიან და გუნდთან პირველი კონტაქტი მათ კვირას ექნებათ“, - წერს As-ი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა.