ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეორედ დაკარგა ქულები, რითაც სიტუაცია გაიუარესა.
ენცო მარესკას გუნდმა მე-18 ტურში „ფულჰემთან“ საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო. კოულ პალმერის გოლით „ჩელსი“ მე-16 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ სტუმრებმა ჯერ ვილსონის გოლით 82-ე წუთზე გაათანაბრეს, ხოლო 95-ე წუთზე როდრიგო მუნისმა საერთოდაც გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ჩელსი“ 35 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ „არსენალს“ მისი გადასწრების შანსი აქვს. „ფულჰემი“ 28 ქულით მერვეა.
პრემიერლიგაში მესამე ადგილზეა „ნოტინგემ ფორესტი“, რომელიც დიდებულ სეზონს ატარებს და მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად ლონდონის „ტოტენჰემთან“ – 1:0. „ნოტინგემი“ 34 ქულითაა მესამე ადგილზე.
„ნიუკასლმა“ „ასტონ ვილა“ 3:0 გაანადგურა და 29 ქულით მეხუთე საფეხურზე აინაცვლა, ხოლო „ასტონ ვილა“ 28 ქულით მეცხრეა. დღესვე, „ვესტ ჰემმა“ სტუმრად „საუთჰემპტონს“ 1:0 აჯობა, „ბორნმუთი“ და „კრისტალ პალასი“ უგოლოდ დაზავდნენ.