„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი გამოცემა Maxifoot-ის ვერსიით საფრანგეთის ლიგა 1-ში 2024 წლის ზაფხულში განხორციელებულ 10 საუკეთესო ტრანსფერში მოხვდა.
აღნიშნულმა საიტმა სეზონის პირველი ნახევრიდან გამომდინარე შეაფასა, თუ რომელმაც ტრანსფერებმა გაამართლეს ყველაზე მეტად და დავითაშვილს მეათე პოზიცია ერგო.
„სად იქნებოდა „სენტ ეტიენი“ მის გარეშე? ალბათ უფრო დაბლა, ვიდრე ახლანდელი მე-16 ადგილია. „ოსერთან“ ჰეთ-თრიქის და „ანჟერთან“ დუბლის წყალობით ოქტომბერში ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ქართველი გარემარბი ცდილობს „მწვანეების“ შეტევა მხრებით მარტომ ატაროს. 5 გოლით და 2 საგოლე პასით მან გუნდის გოლების (12) ნახევარზე მეტში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ „სენტ ეტიენის“ სამწუხაროდ, „ბორდოს“ ყოფილ ფეხბურთელს მარტო ყველაფერი არ შეუძლია“, - წერს გამოცემა.
ათეულში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ადრიენ რაბიო, ჟოაო ნევეში და პიერ-ემილ ჰოიბერგი არიან.
ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენს“ გასულ ზაფხულს „ბორდოდან“ 5 მილიონ ევროდ შეუერთდა.