კალათბურთი

19:30 | 24.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გრიფინმა ასტრალს კასპში 23 ქულით მოუგო და “ა” ლიგას მიუახლოვდა

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი კასპში გაიმართა. ახალშექმნილმა გუნდმა “გრიფინმა” “ასტრალს” უმასპინძლა და 23 ქულით დაამარცხა. ეს ნიშნავს, რომ თუკი საპასუხო მატჩში კასპის “გრიფინი” ამ სხვაობით არ წააგებს, “ა” ლიგის საგზურს მოიპოვებს, “ასტრალი” კი დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ წინა, 2023-2024 წლების სეზონში “ასტრალმა” “ა” ლიგაში ბოლოსწინა, მე-5 ადგილი დაიკავა და დებულების თანახმად, ლიგაში ადგილი საკვალიფიკაციო რაუნდში არსებულ პრეტენდენტთან უნდა დაიცვას. პრეტენდენტი კასპის “გრიფინია”, რომელმაც “ა” ლიგაში შესვლის კიდევ ერთ მსურველ “მთიელს” მოუგო. როგორც ჩანს, კასპელებს “ა”ლიგაში შესვლა ღრმად ამოუჭრიათ გულში, რადგან მიზნის ნახევარზე მეტი ორმატჩიანი ეტაპის პირველივე მატჩის შემდეგ შეასრულეს.

კასპში კარგი ლეგიონერები შეიკრიბნენ, რომლებმაც უკვე მესამე მატჩში ულიდერეს “გრიფინს”. 30 ქულით ბომბარდირი გახდა ელაია ბიუქენენი. 25 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი მონტეს მატისის ანგარიშზეა. 20 ქულა მოაგროვა ზებედი გრეჰემმა, ხოლო ქართველთაგან საუკეთესო იყო გამოცდილი აკაკი ლომოური, რომელმაც 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. სათქმელია ახალგაზრდების – კახაბერ იაგორაშვილისა და გიორგი რუხაძის მონაგარზეც. პირველმა 10 ქულა მიითვალა, ხოლო მეორემ – 11.

ახალგაზრდა გიორგი სიმონიშვილის გაწვრთნილმა “გრიფინმა” ყველა პერიოდი მოიგო. ყველაზე დამაჯერებლად კასპელებმა მეორე პერიოდი მოიგეს და დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. “ასტრალის” მოთამაშეები ცდილობდნენ, თუმცა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ მეორე ნახევარი ნაკლები სხვაობით წააგეს.

აღსანიშნავია, რომ “ასტრალში” ითამაშა კარიერადასრულებულმა ბექა ჩიკვილაძემ, რომელიც გუნდს წინა სეზონში წვრთნიდა. მან თავი 13 ქულას და 8 მოხსნას მოუყარა, საუკეთესო კი ბრენდონ ანიანვუ იყო – 31 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი.

საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩი, რის შემდეგაც “ა” ლიგის საგზურის მფლობელი გამოვლინდება, 25 დეკემბერს გაიმართება.

GBF.GE

0.134271