„კრაიოვას“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი შესაძლოა, იანვრის სატრანსფერო პერიოდში „ჯენოას“ შეუერთდეს.
როგორც რუმინული მედია წერს, ტრანსფერის შანსი ძალიან მაღალია. „ჯენოას“ რამდენიმე დღეა, რაც ახალი მფლობელი ჰყავს, რუმინელი დან შუკუ, რომლის მიზანია გუნდი აღმოსავლეთ ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებით გააძლიეროს და სწორედ მისი განზრახვაა მექვაბიშვილის გადაბირება.
ანზორი წარმოადგენს ძმებ ჯუფრიდების სააგენტოს GG11, რომელსაც „ჯენოასთან“ მჭიდრო ურთიერთობა აქვს, რაც ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურად ხდის, გარდა ამისა, ხელსაყრელია ფეხბურთელის ფასი და სახელფასო მოთხოვნებიც.
„ჯენოა“ აქტიურად ეძებს 35 წლის ხორვატი ნახევარმცველის, მილან ბადელის დუბლიორს, რომელიც გუნდს სეზონის განმავლობაში როტაციის შესაძლებლობას მისცემს. ამჟამად, „ჯენოას“ შემადგენლობაში ბადელის პირდაპირი შემცვლელი არ არის, მექვაბიშვილი კი, სწორედ მის პოზიციაზე, გამოკვეთილ საყრდენად თამაშობს. გარდა ამისა, მომდევნო სეზონიდან შეიძლება ის საბოლოოდ ჩაანაცვლოს.
ანზორ მექვაბიშვილმა კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო და იანვარში გადავიდა „კრაიოვაში“, რომლის მაისურით მიმდინარე სეზონში 10 მატჩში თითო გოლით და საგოლე პასით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებში მას 19 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის სამი, ევრო 2024-ზე.
„ჯენოაში“ 2010-2012 წლებში კახა კალაძე თამაშობდა. კლუბი ამჟამად სერია A-ში დასარჩენად იბრძვის, მთავარი მწვრთნელი კი, ლეგენდარული ფრანგი ნახევარმცველი პატრიკ ვიეირაა.